
თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ამბობს, რომ საოჯახო ბიზნესებში ჩაერთო და პოლიტიკასთან შეხება აღარ აქვს.
ბურჭულაძეს ფორმულას გადაცემიდან ხალხთან ერთად დაუკავშირდნენ და NATO-ში მისი ელჩად დანიშვნის საკითხზე ჰკითხეს, რაზეც ბურჭულაძემ უპასუხა: "არ ვიცი, მე დავიწყე მუშაობა და ანაზღაურებაც მაქვს, რაღაც ბიზნესებში ჩავერთე ჩემი ოჯახისა".
დამაზუსტებელ შეკითხვაზე, თავად თქვა თუ არა უარი დიპლომატიურ მისიაში საქმიანობაზე, ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ ახალ მინისტრთან საკითხი სიღრმისეულად აღარ განუხილავს.
"ამ ეტაპზე აღარ განმიხილავს სიღრმისეულად ახალ მინისტრთან. ცოტა კიდევ ალბათ დროს ავიღებ, მოვიფიქრებ"- თქვა ბურჭულაძემ.
რაც შეეხება თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე წმენდას და იმ ადამიანების გათავისუფლებას, ვინც ევროინტეგრაციის მხარდამჭერ განცხადებას ხელი მოაწერა, ბურჭულაძე ამბობს, რომ ამით არ დაინტერესებულა, თუმცა მიიჩნევს, რომ "ალბათ პოლიტიკაა ასეთი".
"არ ვიცი, ალბათ ასეთი პოლიტიკაა. არ ჩავრეულვარ, არც მომიკითხავს სიღრმისეულად. რეორგანიზაციას ალბათ ექნება სამართლებრივი საფუძველი... ამით არ დავინტერესებულვარ. ხომ გეუბნებით, პოლიტიკაში კერძო სექტორიდან მოვედი და ჩემი საქმე გავაკეთე"- თქვა ბურჭულაძემ.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი ასევე ამბობს, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები მის ბიზნესებზე არ აისახება. "ამ ეტაპზე ჩემს ბიზნესს ნაკლებად აქვს შეხება ასეთ მოვლენებთან"- თქვა ბურჭულაძემ.
2024 წლის პირველ თებერვალს, მას შემდეგ რაც ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერმინისტრის პოსტზე ირაკლი კობახიძემ შეცვალა, ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის მინისტრის თანამდებობა დატოვა და თქვა, რომ ირაკლი კობახიძისგან NATO-ში ელჩობის შეთავაზება მიიღო.
გასული წლის ივნისში ბურჭულაძემ თქვა, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ელჩების კანდიდატურებს ხელს არ აწერდა, თუმცა აღნიშნავდა, რომ "მზად იყო, დიპლომატიაში ქვეყნისთვის ემსახურა".
ბურჭულაძე NATO-ში ელჩად არც მას მერე წადგენილა, რაც ქართულმა ოცნებამ პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილი დანიშნა.