შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ტობიას ბილსტრომი რუსულ კანონსა და თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
მისი თქმით, შვედეთი აქტიურად აკვირდება ქვეყანაში ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს და ასევე გმობს მშვიდობიანი მონაწილეების მიმართ ძალადობრივი ხერხების გამოყენებას.
"ბოლო კვირების განმავლობაში, ათიათასობით ქართველი გამოვიდა ქუჩებში მთელი ქვეყნის მასშტაბით, რათა ხმა აიმაღლონ ე.წ უცხოური გამჭვირვალობის შესახებ კანონის წინააღმდეგ. შვედეთი ყურადღებით ადევნებს თვალს ამ მოვლენებს და გმობს ძალადობის გამოყენებას მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ. შეკრების თავისუფლება დაცული უნდა იყოს.
საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით ევროკავშირმა აჩვენა, რომ მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს. ენერგიული და დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოება გადამწყვეტ როლს ასრულებს საქართველოს ევროკავშირის გზაზე წინსვლისას", - წერია ბილსტომის განცხადებაში.
შვედეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ასევე ამბობს, რომ რუსული კანონი, მიღების შემთხვევაში, ხელს შეუშლის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს.
"შემოთავაზებული კანონმდებლობა ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ გაცხადებულ ევროკავშირის ამბიციებს, როგორც ეს არის კონსტიტუციაში გათვალისწინებული და რასაც მხარს უჭერს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა და ასევე წინააღმდეგობაშია მისი, როგორც კანდიდატი ქვეყნის ვალდებულებებთან. თუ მიღებული იქნება, ეს საფრთხეს შეუქმნის საქართველოს პროგრესს ევროკავშირისკენ. საქართველოს მთავრობამ თავი შეიკავოს ცრუ ნარატივისა და რიტორიკისაგან. კანდიდატის სტატუსი საქართველოსთვის ისტორიული შესაძლებლობაა", - წერია განცხადებაში.