ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი ბერაია ირწმუნება, რომ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის რადოსლავ სიკორსკის კითხვა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, რომელიც მიხეილ სააკაშვილს შეეხებოდა, "კარგად კოორდინირებული საქმიანობის ნაწილია".
ბერაია პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას "მიუღებელს" უწოდებს და ამბობს, რომ პარტნიორი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელი "ამ ტონით არ უნდა საუბრობდეს".
"ეს რა თქმა უნდა არ იყო შემთხვევით ნათქვამი, მათ შორის პრეზიდენტისთვის, იმ ფარგლებში, რომ მე ვფიქრობ, ეს არის კარგად კოორდინირებული საქმიანობის ნაწილი. რა თქმა უნდა, საქართველოს პრეზიდენტი რას იზამს, ამის წინასწარი პროგნოზირება მე არ შემიძლია, უბრალოდ თუკი მოხდება მის მიერ იმის გაკეთება, რასაც მას სთხოვენ, რა თქმა უნდა, ეს ქართველი ხალხის რისხვას ვერ აიცილებს თავიდან, ეს მან უნდა იცოდეს ძალიან კარგად.
რაც შეეხება სიკორსკის განცხადებას, ვფიქრობ, რომ ეს არის მიუღებელი განცხადება, ჩემთვის პირადად. არ უნდა საუბრობდეს პარტნიორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ამ ტონით. რა თქმა უნდა, ჩვენ სიკორსკის და სააკაშვილის მეგობრობაში ჩარევას არ ვაპირებთ, ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს ერთმანეთი", - განაცხადა ბერაიამ.
გუშინ, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საერთო დისკუსიის დროს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზურაბიშვილს მიმართა და უთხრა, რომ მას შეუძლია, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაში წვლილი შეიტანოს.
ამასთან, გუშინ ზურაბიშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის გაფართოება ეგზისტენციალური საკითხია. მისი თქმით, ევროკავშირის ინტერესებში შედის, რომ საქართველოს უსაფრთხოებისთვის რუსეთს ხელი შუშალოს, გახდეს ექსკლუზიური ძალა შავი ზღვის რეგიონში.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია 16 თებერვალს დაიწყო და გუშინ დამთავრდა. მასში მონაწილეობა დაახლოებით 50-მა სახელმწიფო მეთაურმა მიიღო.