ბერაია დავითაშვილზე: პუტინთან ერთად ვახშამზე არ ყოფილა, ჩინეთის ხელისუფლების სტუმარი იყო

ბერაია დავითაშვილზე: პუტინთან ერთად ვახშამზე არ ყოფილა, ჩინეთის ხელისუფლების სტუმარი იყო

ქართული ოცნების დეპუტატის, ირაკლი ბერაიას თქმით, ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი "პუტინთან ერთად ვახშამზე არ ყოფილა, ის ჩინეთის ხელისუფლების სტუმარი იყო".

"ბატონი დავითაშვილი არ ყოფილა პუტინის სტუმარი, ის იყო ჩინეთის ხელისუფლების და ჩინეთის სახელმწიფო მეთაურის სტუმარი. ის არ ყოფილა პუტინთან ერთად ვახშამზე, ის იყო იმ მიწვეულ ღონისძიებაზე, რომელიც ჩინეთის მიერ იყო ორგანიზებული.

მანამდე შედგა G20-ის სამიტი, სადაც ბლინკენთან ერთად იყო ლავროვი და ჩვენ თუ იმ ლოგიკას გავყვებით, რომელსაც თქვენ [ჟურნალისტები] ავითარებთ, მაშინ არც ეუთოში არ უნდა ვიაროთ, არც გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომებზე არ უნდა ვიაროთ, სადაც რუსები არიან წარმოდგენილი", - ამბობს ბერაია.

ბანკეტი 18 ოქტომბერს სარტყლისა და გზის ფორუმის ფარგლებში გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ტაბულამ გაავრცელა.

როგორც ბანკეტის ჩანაწერებიდან ირკვევა, ლევან დავითაშვილი სხვა სტუმრებთან ერთად, რომელთა შორის ვლადიმირ პუტინიც იყო, საზეიმო ბანკეტს დაესწრო, სადაც სიტყვით ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი სიტყვით გამოვიდა.

გარდა ამისა, ფორუმის გახსნის დღეს ვლადიმირ პუტინის სიტყვით გამოსვლას ლევან დავითაშვილი და ჩინეთში საქართველოს ელჩი ესწრებოდნენ. ეს ჩანს გავრცელებული ვიდეოებიდან, რომელიც მათ შორის კრემლის საიტზეა ხელმისაწვდომი.