ბავშვების 35% არასდროს იკვებება სკოლაში, 45% არ აქვს ერთი სასწავლო ნივთიც კი - კვლევა
ბავშვთა კეთილდღეობის ახალი კვლევის თანახმად, საქართველოში ბავშვების 38% მატერიალურ და სოციალურ დანაკლისს განიცდის.
კვლევა ჩატარებულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) მიერ გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით.
მისი მიზანი საქართველოში მაცხოვრებელ ბავშვთა კეთილდღეობის რამდენიმე საკვანძო ასპექტის გაზომვა იყო, რომელთა შორისაცაა: განათლების, ჯანდაცვის სერვისებისა და სოციალური დახმარების ხელმისაწვდომობა; სასკოლო კვება; უსაფრთხოება სახლში; მატერიალური და სოციალური დანაკლისი; ფუნქციური სირთულეები და შეზღუდულ შესაძლებლობასთან ასოცირებული სტიგმა.
კვლევამ დაადგინა:
- სკოლამდელი ასაკის ბავშვების 28 პროცენტი არ დადის საბავშვო ბაღში. მათგან, ბავშვების 22 პროცენტი არ დადის მშობლის არჩევანის საფუძველზე, ხოლო 6 პროცენტი ვერ დადის ბარიერების გამო. ყველაზე გავრცელებული ბარიერებია ზოგიერთ სოფელში სკოლამდელი დაწესებულებების არარსებობა და ბავშვის მომლოდინეთა სიაში მოთავსება.
- 2021-2022 სასწავლო წელს 6-17 წლის ასაკის ბავშვების 98 პროცენტი ესწრებოდა სკოლას, უნივერსიტეტს ან/და პროფესიულ განათლებას, ხოლო ბავშვების 2 პროცენტამდე განათლების სისტემის მიღმა იყო დარჩენილი.
- კერძო მასწავლებლების მომსახურებას იყენებს 6-17 წლის ასაკის ბავშვების 19 პროცენტი და ამდენივეს სურს, მაგრამ ვერ ახერხებს, ისარგებლოს აღნიშნული სერვისით. კერძო მასწავლებლების მომსახურების მიღებისყველაზე გავრცელებული ბარიერი არის ფინანსების ნაკლებობა, რომელიც აღნიშნულია შემთხვევების 87 პროცენტში.
- საგანმანათლებლო მასალების ნაკლებობა მნიშვნელოვანი პრობლემაა; ბავშვების 45 პროცენტს არ აქვს ერთი საგანმანათლებლო ნივთი მაინც, რომელიც ისურვეს, მაგრამ ხელი არ მიუწვდებათ. საგანმანათლებლო ნივთები, რომლებიც ბავშვებს ყველაზე ხშირად აკლიათ არის ლეპტოპები/კომპიუტერები (29 პროცენტი), შემდეგ მოდის სახატავი მასალები, წიგნები და მუსიკალური ინსტრუმენტები.
- მშობლების დიდი უმრავლესობა კმაყოფილია სკოლამდელი და სასკოლო განათლებისა და ჯანდაცვის მომსახურებით.
- სასკოლო პერიოდში კვება არის მნიშვნელოვანი გამოწვევა, რადგან ბავშვების ერთ მეოთხედზე ოდნავ მეტი (27%) ყოველდღიურად იღებს სკოლაში საკვებს, ხოლო 35% არასდროს იკვებება სკოლის პერიოდში. საკვების მიღების ბარიერები უფრო მეტადაა გავრცელებული მატერიალური დანაკლისის მქონე ბავშვებს შორის (45 პროცენტი), ვიდრე ასეთი დანაკლისის არმქონე ბავშვებს შორის (28 პროცენტი). სკოლაში საკვების მიღების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ბარიერია საკვები ობიექტის არარსებობა სკოლის სიახლოვეს (ეს მიზეზი დასახელდა შემთხვევების 36 პროცენტში). ფინანსური ბარიერები ასევე დასახელებულია მატერიალური დანაკლისის მქონე ბავშვების შემთხვევაში, რომლებიც საერთოდ არ იკვებებიან სასკოლო საათებში.
- ბავშვების 12%-მა ვერ მიიღო საჭირო სამედიცინო მკურნალობა (სრულად ან ნაწილობრივ), ხოლო 5%-მა ვერ მიიღო საჭირო მედიკამენტები. ორივე შემთხვევაში ძირითადი ბარიერები ფინანსური იყო.
- ბავშვების 62 პროცენტის მშობლებმა/ოჯახის წევრებმა განაცხადეს, რომ იყენებენ ბავშვების აღზრდის მხოლოდ არაძალადობრივ მეთოდებს. ფსიქოლოგიური აგრესია, როგორიცაა ყვირილი და ბავშვისთვის დამამცირებელი სახელების წოდება დაფიქსირდა ბავშვების 29 პროცენტის შემთხვევაში, ხოლო ბავშვების 5 პროცენტიდაექვემდებარა ფიზიკურ დასჯას, როგორიცაა ცემა, სილის გაწნა, ყურის აწევა ან დარტყმა. სასტიკი ფიზიკური დასჯა, მაგალითად - მთელი ძალით ცემა, შეეხო ბავშვების ერთ პროცენტზე ნაკლებს.
მოცემულ ანგარიშში წარმოდგენილია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით 2022 წლის ივლისიდან სექტემბრამდე ჩატარებული ბავშვთა კეთილდღეობის გამოკვლევის შედეგები.
გამოკითხვა მოიცავდა 1279 რესპონდენტთან ინტერვიუს, რომლებმაც მიაწოდეს ინფორმაცია საკუთარ ოჯახში მცხოვრები ბავშვების (სულ 2438 ბავშვის) შესახებ.
კვლევის ინსტრუმენტის შექმნაზე ერთობლივად მუშაობდნენ „გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევის ოფისი“ Innocenti და „გაეროს ბავშვთა ფონდის“ საქართველოს ოფისი.