
პროსახელისუფლებო მედია ირწმუნება, რომ ექიმებმა თორნიკე რიჟვაძის მიერ თვითმკვლელობამდე დაწერილი წერილი იპოვეს და იგი ჟურნალისტებს გადასცეს. ამ მტკიცებას ამ ეტაპზე არ ადასტურებს არცერთი ოფიციალური კლინიკა.
როგორც „ბათუმელებს“ სანდო წყაროებმა განუცხადეს, საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსის“ მედპერსონალს ჟურნალისტებისთვის არავითარი წერილი არ გადაუცია.
აღნიშნულ საკითხზე ჯერჯერობით საგარეჯოს კლინიკას კომენტარი არ გაუკეთებია.
თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, სადაც თორნიკე რიჟვაძე მძიმე მდგომარეობით იმყოფება, ასევე უარყოფენ, რომ მედიისთვის რაიმე წერილი მიეწოდათ.
მნიშვნელოვანია, რომ პაციენტის შესახებ მსგავსი ინფორმაციის გავრცელება საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულია და განიხილება როგორც პირადი სამედიცინო მონაცემების უკანონო გამჟღავნება.
შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 7 ივლისს რიჟვაძე გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობით შეიყვანეს საგარეჯოს საავადმყოფოში. მას ადგილზე ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია — დაზიანებულია ფილტვი, თუმცა ექიმების განცხადებით, მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. შსს-ს ცნობით, საქმეზე ტარდება ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.
მათივე ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევარი შენახვის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით, ერთი პირი დაკავებულია ბრალდებულის სახით. მედიის ინფორმაციით, ის საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანია.