ბაქაქური: რატომ უნდა ვიყოთ წინააღმდეგი, ჩვენი კეთილსინდისიერების კიდევ ერთხელ დადასტურებისა

ბაქაქური: რატომ უნდა ვიყოთ წინააღმდეგი, ჩვენი კეთილსინდისიერების კიდევ ერთხელ დადასტურებისა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ ნინო ბაქაქურმა 11 მარტის სხდომაზე, სადაც ე.წ. ვეტინგთან დაკავშირებით განცხადება მიიღეს, განაცხადა, რომ მისთვის გაურკვეველია რატომ აკეთებენ ამ განცხადებას. სხდომის ჩანაწერი გამოცემა ნეტგაზეთმა გამოითხოვა.

როგორც მოსამართლემ პლენუმის სხდომაზე აღნიშნა, ეს ევროკავშირის რეკომენდაციაა, რომლის შესრულების გზებისა და მეთოდების შერჩევა და ზოგადად ამ რეკომენდაციის შესრულების ფორმის მონახვა პოლიტიკური გადაწყვეტილების საკითხია.

"საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება აღნიშნულ საკითხზე და დარწმუნებული ვარ, თუკი ხელისუფლება ჩათვლის, რომ ამ რეკომენდაციის შესრულება მიზანშეწონილია, საქართველოს პარლამენტი აუცილებლად გამონახავს პროცედურის ისეთ ფორმას, რომელიც იქნება კონსტიტუციასთან შესაბამისი.

ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ დღესდღეობით ჩვენი მხრიდან ასეთი განცხადების გაკეთება გარკვეულწილად პოლიტიკურ პროცესში ჩარევაა და არ მიმაჩნია მიზანშეწონილად", - აღნიშნა მოსამართლემ.

ბაქაქური დარწმუნებულია, რომ ევროპის კავშირის მოსაზრება სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით არ ემსახურება მართლმსაჯულების ავტორიტეტის დაკნინებას.

"მე ვერ წარმომიდგენია, ჩვენ, კეთილსინდისიერი მოსამართლეები, რატომ უნდა ვიყოთ წინააღმდეგი, ჩვენი კეთილსინდისიერების კიდევ ერთხელ, კონსტიტუციურ ფორმებში დადასტურებისა… და თუნდაც ასჯერ და ათასჯერ, თუ ეს აუცილებელია მართლმსაჯულების განმტკიცებისათვის და თუ ეს გაუადვილებს საქართველოს იმ პროცედურების გავლას, რაც ასე მნიშვნელოვანია ევროპის კავშირში გაწევრიანებისთვის, რაც ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობის საუკუნოვანი სურვილია. მით უმეტეს, ყველა ვთანხმდებით, რომ საზოგადოებას აქვს ლეგიტიმური ინტერესი, იცოდეს ყველაფერი მისი მოსამართლის პროფესიული საქმიანობის და ქონების შესახებ.

განცხადების ტექსტთან დაკავშირებით ძალიან დეტალებში არ შევალ, სამწუხაროა, რომ წინასწარ არ გვქონდა ეს ტექსტი და პლენუმის დაწყებამდე მხოლოდ რამდენიმე წუთით ადრე გავეცანი მის შინაარსს. ბევრი აბზაცის ფორმულირება ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. ამიტომ, თქვენდამი დიდი პატივისცემის მიუხედავად, მე ვერ დავუჭერ მხარს ამ განცხადებას", - აღნიშნა მოსამართლემ სხდომაზე.

***

11 მარტს უზენაესმა სასამართლომ განცხადება გაავრცელა და შეშფოთება გამოთქვა მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების პროცედურის - ე.წ. "ვეტინგის" სისტემის დანერგვის ინიციატივასთან დაკავშირებით.

განცხადებაში სასამართლო ირწმუნება, რომ ვეტინგი "ერთმნიშვნელოვნად, არსებითად და პრინციპულად ლახავს სასამართლოსა თუ ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობას და ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას მართლმსაჯულების სისტემისადმი.

სასამართლოში ფიქრობენ, რომ ვეტინგის სისტემა "მიზნად ისახავს "კეთილსინდისიერების" შემოწმების საჭიროების თაობაზე უარყოფითი საზოგადოებრივი აზრის კონსოლიდაციას, რათა გაადვილდეს პოლიტიკური კონტროლის განხორციელება სასამართლო ხელისუფლებაზე".

სხდომას 22 მოსამართლე ესწრებოდა. აღნიშნულ განცხადებას უზენაესი სასამართლოს ორი მოსამართლე ეკატერინე გასიტაშვილი და ნინო ბაქაქური არ დაეთანხმნენ.