ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ის უკრაინის NATO-ში გაწევრიანების პროცესის გამარტივების წინააღმდეგია. ინფორმაციას CNN ავრცელებს. შესაბამისი განცხადება მან ჟურნალისტებთან გააკეთა.
ბაიდენს ჰკითხეს აპირებს თუ არა გაამარტივოს ალიანსში გაწევრიანების წესები უკრაინისთვის, რაზეც პრეზიდენტმა უპასუხა: "არა. რადგან [უკრაინა] უნდა შეესაბამებოდეს საერთო სტანდარტებს. ამიტომ ამის გაკეთებას არ ვაპირებ".
ამასთან, ბაიდენმა თქვა, რომ ახლა უკრაინული ჯარი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სტანდარტებს შეესაბამება.
"ვფიქრობ, მათ გააკეთეს ყველაფერი, რაც დაკავშირებულია სამხედრო კოორდინაციის დემონსტრაციასთან. თუმცა არსებობს კითხვა, უსაფრთხოა თუ არა მათი სისტემა? ხომ არ არის კორუმპირებული? შეესაბამება თუ არა ის [უკრაინის უსაფრთხოების სისტემა] ყველა სტანდარტს, რომელსაც შეესაბამება ალიანსის წევრი ყველა ქვეყანა? ვფიქრობ, დააკმაყოფილებს. ვფიქრობ, ეს შეუძლია. მაგრამ ეს ავტომატურად არ ხდება", - თქვა ბაიდენმა.
მანამდე, 15 ივნისს CNN-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და მისი გუნდი NATO-ს სხვა წევრებთან ერთად განიხილავენ თუ როგორ და როდის შეიძლება უკრაინა ალიანსს შეუერთდეს. CNN-ის ცნობით, ბაიდენი მხარს უჭერს უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას.