ბაიდენი ისრაელში ე.წ. ომის კაბინეტს შეხვდა და აშშ-ის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა

ბაიდენი ისრაელში ე.წ. ომის კაბინეტს შეხვდა და აშშ-ის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ისრაელის ვიზიტის ფარგლებში ცოტა ხნის წინ ფორმირებულ ე.წ. ომის კაბინეტს შეხვდა და მათ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.

"ჩვენ გავაგრძელებთ ისრაელის მხარდაჭერას, როცა თქვენ თქვენი ხალხის დასაცავად მუშაობთ. ამასთან, ჩვენ გავაგრძელებთ თქვენთან და მთელი რეგიონის გარშემო პარტნიორებთან მუშაობას, რათა მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ მეტი ტრაგედია თავიდან ავიცილოთ", - თქვა მან.

ამასთან, ისრაელში ვიზიტის დროს ბაიდენმა თქვა, რომ ღაზის საავადმყოფოზე იერში არა ისრაელმა, არამედ "სხვა ჯგუფმა" მიიტანა. ამის შესახებ მან ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის დროს ისაუბრა და მათ აშშ-ის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა. მოგვიანებით, მან განმარტა, რომ კლინიკის დაბომბვაზე განცხადება თავდაცვის დეპარტამენტისგან მიღებული ცნობების საფუძველზე გააკეთა.

საერთაშორისო მედიაში გავრცელდა ცნობები, რომ ღაზის ცენტრში მდებარე საავადმყოფოზე საჰაერო თავდასხმას მინიმუმ 500 ადამიანი ემსხვერპლა. დაზუსტებული მონაცემები ჯერჯერობით არ ვრცელდება, თუმცა ცნობილია, რომ საავადმყოფოში ომში დაჭრილი მოქალაქეების გარდა, ღაზის მშვიდობიანი მოსახლეობაც იმყოფებოდა, რომელიც თავს აფარებდა.

BBC-ის ცნობით, ჰამასმა თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ისრაელს მიანიჭა და საავადმყოფოზე თავდასხმა შეაფასა, როგორც "სამხედრო დანაშაული".

ისრაელის თავდაცვის ძალებში უარყოფენ ღაზის ცენტრში, საავადმყოფოზე თავდასხმას და აღნიშნავენ, რომ "საავადმყოფო არ არის ისრაელის თავდაცვის ძალების სამიზნე". თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზის საავადმყოფოში სასიკვდილო აფეთქება ისლამური ჯიჰადის (PIJ) რაკეტამ გამოიწვია.

IDF-ში დაზვერვის მიერ მოპოვებულ რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ წარუმატებელ სროლაზე პასუხისმგებელი ისლამური ჯიჰადია. კერძოდ, ისინი ამბობენ, რომ ღაზის საავადმყოფოს ისლამური ჯიჰადის გაუმართავი რაკეტა დაეცა.

დღეს, 18 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის ძალებმა ვიდეომტკიცებულებები გამოაქვეყნა, რომელშიც ახსნილია, რომ ღაზის ქალაში საავადმყოფოს აფეთქება არ შეიძლება ყოფილიყო ისრაელის საჰაერო თავდაცვის შედეგი, არამედ ეს ყოველივე ჰამასის მიერ რაკეტის წარუმატებელმა გაშვებამ გამოიწვია.

ომის დაწყების შემდეგ ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ოპოზიციონერ ბენი განცთან ერთიანი საგანგებო მთავრობის ჩამოყალიბების შესახებ შეთანხმება გააფორმა. 12 ოქტომბერს კი გადაწყვეტილებას მხარი ისრაელის ქნესეთმაც დაუჭირა.

ცნობილია, რომ ე.წ. ომის კაბინეტი განცის მოთხოვნით ჩამოყალიბდა და მასში განცთან ერთად ბენიამინ ნეთანიაჰუ და თავდაცვის მინისტრი, იოავ გალანტი შევლენ. კაბინეტის დანიშნულება ჰამასთან ომის გაკონტროლება და მისი წარმართვაა.