ბაიდენი ჰეზბოლას ლიდერის სიკვდილს სამართლიანს უწოდებს

ბაიდენი ჰეზბოლას ლიდერის სიკვდილს სამართლიანს უწოდებს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ლიბანში ჰეზბოლას ლიდერის ჰასან ნასრალას სიკვდილს სამართლიანს უწოდებს.

ბაიდენი ამბობს, რომ ნასრალა ასობით ამერიკელის მკვლელობაზეა პასუხისმგებელი, ხოლო ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად მისი მოკვლა კი ამერიკელი, ისრაელი და ლიბანელი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის სამართლიანობის აღდგენაა.

"დარტყმა, რომელმაც მოკლა ნასრალა, განხორციელდა კონფლიქტის ფართო კონტექსტში, რომელიც დაიწყო ჰამასის ხოცვა-ჟლეტით, 2023 წლის 7 ოქტომბერს. ნასრალამ მეორე დღეს მიიღო საბედისწერო გადაწყვეტილება, შეკრულიყო ჰამასს და გაეხსნა, როგორც მან უწოდა, "ჩრდილოეთის ფრონტი" ისრაელის წინააღმდეგ".

ბაიდენმა გაიმეორა, რომ შეერთებული შტატები სრულად უჭერს მხარს ისრაელის უფლებას, თავი დაიცვას ჰეზბოლას, ჰამასის, ჰუსიტებისა და ირანის მიერ მხარდაჭერილი ნებისმიერი სხვა ტერორისტული ჯგუფისგან. მისი თქმით, თავდაცვის მდივანს მიმართა, კიდევ უფრო გაეძლიერებინა აშშ-ის სამხედრო ძალების თავდაცვითი პოზიცია ახლო აღმოსავლეთის რეგიონში აგრესიის შესაჩერებლად.

"საბოლოო ჯამში, ჩვენი მიზანია დიპლომატიური საშუალებებით განვახორციელოთ კონფლიქტების დეესკალაცია როგორც ღაზაში, ასევე ლიბანში", - ამბობს ბაიდენი და საუბრობს ღაზაში გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიერ მხარდაჭერილ შეთანხმებაზე, რომელიც ცეცხლის შეწყვეტასა და მძევლების გათავისუფლებას ეხება.

მისი თქმით, ასევე, მიმდინარეობს მოლაპარაკებები ლიბანში, რომლის მიზანია ადამიანების უსაფრთხოდ დაბრუნება თავიანთ სახლებში - ისრაელსა და სამხრეთ ლიბანში.

28 სექტემბერს ისრაელის არმიამ ლიბანში ჰეზბოლას ლიდერის ჰასან ნასრალას სიკვდილი დაადასტურა.

პარასკევს ისრაელმა სარაკეტო იერიში განახორციელა ბეირუთში ჰეზბოლას ცენტრალურ შტაბზე, რა დროსაც ნასრალა სხვა მეთაურებთან ერთად მოკვდა.