თელ-ავივში ვიზიტისას, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაგმო ჰამასის თავდასხმა ისრაელზე და დასძინა, რომ პალესტინელთა სისასტიკე "ISIS-ის ქმედებებს უფრო რაციონალურად აჩენს."
ბაიდენმა ისრაელს კვლავ აღუთქვა აშშ-ის მხარდაჭერა და პრემიერმინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მსოფლიოს ხალხმა მკაფიოდ უნდა იცოდეს აშშ-ის პოზიცია.
"ჰამასმა ჩაიდინა ბოროტება, სისასტიკე, რომელიც ISIS-ს უფრო რაციონალურს ხდის. ხოლო დღეს აქ ყოფნა ერთი მარტივი მიზეზის გამო მსურდა, მინდა ისრაელის მოსახლეობამ, მსოფლიოს ხალხმა იცოდეს შეერთებული შტატების პოზიცია", - თქვა ბაიდენმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ მიუხედავად ისრაელის თავდაცვის უფლებისა, დანარჩენ სამყაროს უნდა ახსოვდეს, რომ ჰამასი პალესტინელ ხალხს არ წარმოადგენს და მხოლოდ და მხოლოდ მათი ტანჯვის წყაროა.
ისრაელის პრემიერმა, ნეთანიაჰუმ ბაიდენს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და დაამატა, რომ „ცივილიზებული სამყარო უნდა გაერთიანდეს ჰამასის დასამარცხებლად ისევე, როგორც ეს ISIS-ის შემთხვევაში გააკეთა."
ის ბაიდენს "ნამდვილ მეგობარს" უწოდებს და მიესალმება მის "ღრმად ამაღელვებელ" გადაწყვეტილებას, ეწვიოს ისრაელს ომის დროს.
”ეს არის ღრმად, ღრმად ამაღელვებელი მომენტი და მკაფიოდ მეტყველებს თქვენ პირად ერთგულებაზე ისრაელის, ებრაელი ხალხის მომავლისა და ერთადერთი ებრაული სახელმწიფოს მიმართ. ვიცი, რომ ვლაპარაკობ მთელი ისრაელის მოსახლეობის სახელით, ამიტომ, მადლობა, ბატონო პრეზიდენტო", - უთხრა ნეთანიაჰუმ ბაიდენს.
ამერიკის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი თელ-ავივშ ჩავიდა. აეროპორტში მას ისრაელის პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ და ქვეყნის პრეზიდენტი, ისააკ ჰერცოგი დახვდნენ.
ისრაელში აშშ-ის პრეზიდენტი პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ქვეყნის სხვა ლიდერებს შეხვდება. სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, ჯო ბაიდენს სურს პირდაპირ ისრაელებისგან გაიგოს, თუ რა არის საჭირო ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.