ბაჩო ოდიშარია კინოცენტრში დააწინაურეს - ის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსია

ბაჩო ოდიშარია კინოცენტრში დააწინაურეს - ის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსია

პროპაგანდისტული, სახელისუფლებო არხის POSTV-ის ჟურნალისტი ბაჩო ოდიშარია კინოცენტრში დააწინაურეს. კერძოდ, ბაჩო ოდიშარია, რომელიც ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე იყო, ამჟამად დეპარტამენტის უფროსია.

ინფორმაცია ფორმულას კინოცენტრში დაუდასტურეს. ისინი აღნიშნავენ, რომ ბაჩო ოდიშარია უკვე დიდი ხანია რაც ამ თანამდებობას იკავებს, თუმცა ზუსტ თარიღს ვერ აკონკრეტებენ.

რაც შეეხება დეპარტამენტის ყოფილ ხელმძღვანელს, სალომე დანელიას, კინოცენტრში ამბობენ, რომ მან პოსტი პირადი განცხადების საფუძველზე, დაახლოებით, სექტემბერში დატოვა.

აღსანიშნავია, რომ კინოცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე დეპარტამენტის ხელმძღვანელად კვლავ სალომე დანელიაა მითითებული.

***

კინემატოგრაფისტები უკვე რამდენიმე თვეა კინოცენტრში მიმდინარე მოვლენებს აპროტესტებენ. კულტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ კინოცენტრში რეორგანიზაცია მიმდინარეობს, თუმცა კინემატოგრაფისტები მიიჩნევენ, რომ მინისტრი თეა წულუკიანი სფეროში ცენზურის დამკვიდრებას ცდილობს.

პროტესტის მონაწილეები მოითხოვენ, რომ შეჩერდეს რეორგანიზაციის პროცესი. ამასთან, შეიცვალოს დირექტორის დანიშვნის წესი, კერძოდ, აირჩეს კონკურსის საფუძველზე.

11 ივნისს კინოცენტრის დირექტორის მოადგილემ ნინო კუხალაშვილმა განაცხადა, რომ კულტურის სამინისტრომ მისი შტატი გააუქმა და 12 ივლისიდან გათავისუფლებულია თანამდებობიდან. დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად კი დაინიშნა კობა ხუბუნაია, რომელიც მანამდე პენიტენციურ სისტემაში მუშაობდა. გარდა ამისა, სახელისუფლებო არხ POSTV-ის ჟურნალისტი ბაჩო ოდიშარია კინოცენტრში კინოწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ დაინიშნა.

საკამათო რეორგანიზაციის ფარგლებში გაათავისუფლეს ლევან აბდუშელიშვილი და დავით დავითიანი, რომლებიც კინოცენტრში მიმდინარე ცვლილებებს აპროტესტებდნენ.