აზოვისთვის ფულის გადარიცხვაში ბრალდებულ ხატვის მასწავლებელს რუსეთში 20 წელი მიუსაჯეს

აზოვისთვის ფულის გადარიცხვაში ბრალდებულ ხატვის მასწავლებელს რუსეთში 20 წელი მიუსაჯეს

რუსეთში ხატვის მასწავლებელს, დანიილ კლიუკს აზოვის პოლკისთვის ფულის გადარიცხვის ბრალდებით 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. კლიუკს სახელმწიფო ღალატსა და ტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობაში დასდეს ბრალი.

კლიუკის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 2023 წლის თებერვალში აღძრეს და მაშინვე დააკავეს.

გამოძიების თანახმად, 2022 წელს კლიუკმა უკრაინულ პოლკ აზოვს კრიპტოსაფულეზე 20 ათასი რუბლი გადაურიცხა. აზოვი რუსეთში ტერორისტულ ორგანიზაციად არის გამოცხადებული. როგორც პროკურატურა ამტკიცებს, ფული იარაღის საყიდლად გადარიცხეს.

ხატვის მასწავლებელი ბრალს არ აღიარებს. მისი თქმით, ტელეფონში ლუჰანსკიდან მისი ძმის გადარიცხვები იპოვეს.

კლიუკის თქმით, "სკოლაში ის მშვიდად და წყნარად მუშაობდა, დიდად არ კამათობდა". მას, როგორც სხვა მასწავლებლებს, აიძულეს, ადგილობრივი პროპაგანდისტული გაზეთი გამოეწერათ. ზოგჯერ თავისუფალ დროს პორტრეტებს ულვაშებსა და რქებს უმატებდა, ან ხელისუფლების მოხელეს შუბლზე "ეშმაკს" აწერდა. მასწავლებელი კოლეგებმა დაასმინეს და სკოლის ხელმძღვანელობამ ის გაათავისუფლა. მასწავლებელი ამბობს, რომ FSB მისგან მოითხოვდა, ეღიარებინა, რომ გადარიცხვები "აზოვისთვის" გაკეთდა.