ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღებისთვის 4 ადამიანი დააკავეს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თანამზრახველებთან ერთად, დაამზადა და 550 დოლარად გაასაღა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სახელით გაცემული ავტომანქანის მართვის ყალბი მოწმობა და ყალბი ცნობა მართვის მოწმობის გაცემის შესახებ.
"ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამატებით ამოღებულ იქნა ავტომანქანის მართვის ორი ცალი ყალბი მოწმობა და მის დასამზადებლად საჭირო სხვადასხვა სახის ტექნიკური მოწყობილობა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ნათქვამია განცხადებაში.