აუდიტის სამსახურის კრიტიკული დასკვნის გასაჯაროების შემდეგ თბილისერვის ჯგუფი 60 ახალ ავტომობილს ყიდულობს. ოპოზიცია გამოძიების დაწყებას ითხოვს და კორუფციაზე საუბრობს.
რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ დასკვნაში სახელმწიფო აუდიტმა აღნიშნა, რომ თბილსერვისი იყენებს ასეულობით მსუბუქ და მაღალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალებას, რისი საჭიროებაც რეალურად არ არსებობს. კომპანიის ფულადი სახსრები კი ამ ავტომანქანების მოვლა-შენახვისთვის არარაციონალურად იხარჯება.
60 ახალი, მსუბუქი ავტომანქანის შესაძენად თბილსერვის ჯგუფმა 3 205 680 ლარის ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ შემოთავაზებული მსუბუქი ავტომობილი უნდა იყოს ახალი, ექსპლუატაციაში არმყოფი (გარბენი არაუმეტეს 200კმ), განბაჟებული და გამოშვებული არაუადრეს 2023 წლისა.
კომპანიამ ტენდერი 25 აგვისტოს გამოაცხადა. ამავე დღეს გამოქვეყნდა აუდიტის სამსახურის დასკვნაც.
თბილსერვის ჯგუფის 2020-2021 წლების საქმიანობის ანგარიშში აღნიშნულია, რომ სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად, თბილსერვისი იყენებს 869 ერთეულ მსუბუქ და მაღალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალებას, რაც არაგონივრულად მაღალია.
უწყების შეფასებით, მათი მოვლა-შენახვისთვის არარაციონალურად იხარჯება კომპანიის ფულადი სახსრები. ამასთანავე, შპს-ს სათანადო კონტროლი არ აქვს დაწესებული საწვავის მიზნობრივ გამოყენებაზე.
გარდა ამისა, აუდიტმა გამოავლინა ხარვეზები შესყიდვებში, სატენდერო დოკუმენტებში, ინტერესთა კონფლიქტი, საბაზრო ფასის უგულებელყოფა, საბაზრო ფასის უგულებელყოფა, არაგონივრული ადმინისტრაციული ხარჯები და სხვა.