
აშშ-ის აიდაჰოს შტატში, კერ-დ’ალენის ქალაქის მახლობლად, კენფილდის მთის ბუნებრივ ზონაში შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც ორი მეხანძრე დაიღუპა და ერთი დაიჭრა. ინფორმაციას CNN მეხანძრეთა საერთაშორისო ასოციაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
სროლა მაშინ დაიწყო, როდესაც მეხანძრეები ბუჩქნარში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზებას ცდილობდნენ. ადგილობრივი შერიფის, რობერტ ნორისის თქმით, თავდამსხმელი სამართალდამცველების მიმართულებით სროლას აგრძელებს.
სახანძრო სამსახურის წარმომადგენელთა განცხადებით, ხანძრის ჩაქრობის სამუშაოები დროებით შეჩერებულია უსაფრთხოების რისკების გამო.