აშშ რუსეთში WSJ-ის ჟურნალისტის დაკავებას გმობს და ამერიკელებს რუსეთის დატოვებისკენ მოუწოდებს

აშშ რუსეთში WSJ-ის ჟურნალისტის დაკავებას გმობს და ამერიკელებს რუსეთის დატოვებისკენ მოუწოდებს

თეთრი სახლი გმობს რუსეთში The Wall Street Journal-ის ჟურნალისტის ევან გერშკოვიჩის დაკავებას. თეთრი სახლის სპიკერის, კარინ ჟან-პიერის თქმით, აშშ რუსეთის ხელისუფლებასთან მუშაობს, რომ გერშკოვიჩს საკონსულო სერვისებზე წვდომა ჰქონდეს.

თეთრი სახლის სპიკერის ცნობით, აშშ-ის ხელისუფლება გერშკოვიჩის ოჯახთან და მის დამსაქმებელთან მუდმივ კონტაქტზეა.

"რუსეთის ხელისუფლების მიერ ამერიკის მოქალაქეების მიზანში ამოღება დაუშვებელია. ჩვენ უმკაცრესად ვგმობთ გერშკოვიჩის დაკავებას.

ასევე ვგმობთ რუსეთის ხელისუფლების მხრიდან ჟურნალისტებისა და პრესის თავისუფლების კვლავ მიზანში ამოღებასა და მათ მიმართ რეპრესიებს.“ - განაცხადა ჟან-პიერმა.

აშშ თავის მოქალაქეებს ურჩევს, არ იმოგზაურონ რუსეთში, ხოლო რუსეთის ტერიტორიაზე მყოფ ამერიკელებს ქვეყნის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს.

გერშკოვიჩის დაკავება დაგმო აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმაც.

"მკაცრად ვგმობთ კრემლის მცდელობებს, დააშინოს, ჩაახშოს და დასაჯოს ჟურნალისტები და სამოქალაქო საზოგადოების ხმა” - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ის ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს.

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახური (FSB) ამტკიცებს, რომ გერშკოვიჩი აშშ-ის დავალებით "აგროვებდა ინფორმაციას რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ერთ-ერთი საწარმოს შესახებ, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენს".

რამდენიმე გამოცემა ეკატერინბურგიდან წერდა, რომ ეკატერინბურგში ჩასვლის შემდეგ The Wall Street Journal-ის ჟურნალისტი რედაქციასთან კონტაქტზე აღარ გადიოდა. ჟურნალისტი დიმიტრი კოლეზევი (რუსეთში "უცხოურ აგენტად" აღიარებული) წერდა, რომ გერშკოვიჩი ეკატერინბურგში წავიდა, რათა დაეწერა ომისადმი დამოკიდებულებისა და ვაგნერისთვის ადგილობრივების რეკრუტირების შესახებ.