აშშ-მა ოთხშაბათს, 27 დეკემბერს უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი, 250 მილიონი დოლარის ღირებულების პაკეტი გამოუყო. ინფორმაციას უკრაინული მედია პენტაგონზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედია წერს, რომ დახმარების პაკეტში შედის დამატებითი საბრძოლო მასალა NASAMS-ისა და HIMARS-ის სისტემებისთვის, ასევე 155 მმ-იანი და 105მმ-იანი კალიბრის საარტილერიო ჭურვები, Stinger-ი, TOW-ის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები, ასევე Javelin-ის სისტემები და AT-4 ტანკსაწინააღმდეგო სისტემები.
ამასთან, ცნობილია, რომ სამხედრო დახმარების ახალ პაკეტში შედის 15 მილიონზე მეტი ტყვია, ასაფეთქებელი დაბრკოლებების გასასუფთავებლად, სათადარიგო ნაწილები, სამედიცინო აღჭურვილობა, "სარემონტო და სხვა დამხმარე აღჭურვილობა".
ეს ბოლო სამხედრო დახმარებაა, რომელიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას 2023 წელს გამოუყო.