აშშ-მა ირანზე თავდასხმისას B-2-ის ტიპის ბომბდამშენები და GBU-57-ის ბომბები გამოიყენა

აშშ-მა ირანზე თავდასხმისას B-2-ის ტიპის ბომბდამშენები და GBU-57-ის ბომბები გამოიყენა

ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებულმა ძალებმა ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმისთვის B-2-ის ტიპის ბომბდამშენები და GBU-57-ის ბუნკერის საწინააღმდეგო ბომბები გამოიყენა.

CNN ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს, რომ ოპერაციაში 6 ბომბდამშენი იყო ჩართული. ასევე, აღნიშნავს, რომ B-2 Spirit აშშ-ის საჰაერო ძალების უმაღლესი დონის ბომბდამშენია.

ოთხძრავიან B-2-ს შეუძლია, რომ აღჭურვილი იყოს როგორც ჩვეულებრივი, ასევე ბირთვული იარაღით. მას აქვს 40 000 ფუნტი ტვირთამწეობა და საჰაერო საწვავით შევსების შეუზღუდავი დიაპაზონი.

CNN წერს, რომ აშშ-ის საჰაერო ძალებს მხოლოდ 20 B-2 ტიპის თვითმფრინავი აქვს.

რაც შეეხება GBU-57-ს - ბუნკერის საწინააღმდეგო ორი ბომბი აშშ-მა B-2-ის ტიპის ბომბამშენებიდან ჩამოაგდო. GBU-57-ის ბომბი მიწისქვეშა სამიზნეების გასანადგურებლად არის შექმნილი.

ამასთან, ისპაჰანსა და ნათანზში მდებარე ბირთვული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე იერიშების დროს აშშ-ის ძალებმა წყალქვეშა ნავებიდან Tomahawk-ის 30-მდე ფრთოსანი რაკეტა გაუშვეს.

CNN-ს ორმა წყარომ ასევე უთხრა, რომ აშშ-მა ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმების დროს მასიური საბრძოლო მასალის შეღწევადობის (MOP) ბომბი გამოიყენა - 30 000 ფუნტიანი ბომბი 6 000 ფუნტი ასაფეთქებელი ნივთიერებით - შექმნილი იყო "მოწინააღმდეგეების მასობრივი განადგურების იარაღის კარგად დაცულ ობიექტებში განთავსებულ ადგილებამდე მისასვლელად და გასანადგურებლად".

***

აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა სარაკეტო დარტყმები განახორციელეს ირანის სამ მთავარ ბირთვულ ობიექტზე. თავდასხმა, რომლის შესახებაც თავად დონალდ ტრამპმა გამოაცხადა ტელემიმართვაში და სოციალურ ქსელში, განხორციელდა ფორდოს, ნატანზისა და ისფაჰანის ბირთვულ სადგურებზე.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, ოპერაცია მიზნად ისახავდა ირანის ბირთვული პროგრამის შესაძლებლობების მნიშვნელოვან შეზღუდვას. შეტევაში გამოიყენეს B-2 ტიპის სტელს-ბომბდამშენები და 30-ტონიანი „ბანკერ-ბასტერები“ – GBU-57 ტიპის ბომბები, რომლებიც განკუთვნილია მიწისქვეშა ობიექტების დასაზიანებლად.