ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა იემენში, ჰუსიტების სამიზნეებზე საჰაერო იერიში მიიტანეს. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ვაშინგტონის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ცნობილია, რომ 30-ზე მეტი დარტყმა 13 ლოკაციაზე სხვა სახელმწიფოების მხარდაჭერით განხორციელდა.
"დღევანდელი იერიშების სამიზნე ჰუსიტების მიწაში განთავსებული იარაღის საცავები, სარაკეტო სისტემები და გამშვებები, ასევე საჰაერო თავდაცვის სისტემები და რადარები იყო", - ნათქვამია აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ავსტრალიის, ბაჰრეინის, კანადის დანიის, ნიდერლანდებისა და ახალი ზელანდიის ერთობლივ განცხადებაში.
თავის მხრივ, ჰუსიტები იტყობინებიან, რომ ვაშინგტონისა და ლონდონის სამხედრო თვითმფრინავებმა იემენის რამდენიმე პროვინციას დაარტყეს, მათ შორის, დედაქალაქ სანას.
ცნობისთვის, აშშ ბოლო რამდენიმე დღეში იერიშებს ახორციელებს მას შემდეგ, რაც პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ დადო პირობა, რომ გასცემდა "მრავალსაფეხურიან" პასუხს იმ უპილოტო თავდასხმაზე, რომელმაც სამი ამერიკელი სამხედროს სიცოცხლე იმსხვერპლა.