აშშ-ის უზენაესი სასამართლოს, ყოფილი მოსამართლე სანდრა დეი ო'კონორი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის პირველი ქალი მოსამართლე იყო აშშ-ის უზენაესი სასამართლოში.
სასამართლოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ო'კონორი ფენიქსში დემენციისა და რესპირატორულ დაავადებებთან დაკავშირებული გართულებების გამო გარდაიცვალა.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ჯონ რობერტსმა განაცხადა, რომ ო'კონორმა "ისტორიული გზა გაიარა, როგორც პირველმა ქალმა მოსამართლემ".
ო'კონორმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობა 2006 წელს დატოვა, რათა ალცჰაიმერით დაავადებული ქმრის გვერდით ყოფილიყო. ბოლო წლებში მას დემენციის დიაგნოზი დაუსვეს, ხოლო 2018 წელს მან განაცხადა, რომ საზოგადოებრივი ცხოვრებიდან მიდიოდა.
იგი მოსამართლედ 1981 წელს პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა დანიშნა და ამით უზენაეს სასამართლოში პირველი ქალი გახდა, რომელმაც აღნიშნული თანამდებობა დაიკავა.
სანდრა ო'კონორმა 19 წლის ასაკში სტენფორდის უნივერსიტეტში სწავლა დაიწყო და იურიდიულ ფაკულტეტზე ერთადერთ ხუთ ქალს შორის იყო.
მას ხშირად ეუბნებოდნენ უარს იურიდიულ ფირმებში დასაქმებაზე და საბოლოოდ კალიფორნიის შტატში, სან-მატეოს ოლქის პროკურატურაში დაიწყო მუშაობა.
ის და მისი ქმარი, რომელიც სწავლის დროს გაიცნო, ფენიქსში დასახლდნენ, სადაც პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურობა დაიწყო. 1969 წელს ო'კონორი შტატის სენატორის თანამდებობის დარჩენილ ვადაზე დანიშნეს, რის შემდეგ ამავე პოზიციაზე წარმატებით იყარა კენჭი.
1973 წელს ო'კონორი არიზონას შტატის სენატში უმრავლესობის ლიდერი პირველი ქალი გახდა. მომდევნო წლებში კი სამოსამართლეო კარიერა დაიწყო.
იგი ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე მუშაობდა, რომელიც 1988 წელს თვითონ დაამარცხა და აქტიურად საუბრობდა ალცჰაიმერის დაავადების კვლევების აუცილებლობაზე.