ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა დიდხნიანი დავისა და კამათის შემდეგ, უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დახმარების პაკეტი მიიღო, რომელიც ჯამში 95 მილიარდ დოლარს მოიცავს.
ცნობილია, რომ აღნიშნული თანხიდან 61 მილიარდი დოლარი უკრაინის მხარდაჭერას მოხმარდება.
კანონპროექტი სენატმა ხმათა უმრავლესობით მიიღო (79-18-ის წინააღმდეგ). ამასთანავე ცნობილია, რომ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დოკუმენტის ხელმოწერიდან მალევე გეგმავს უკრაინაში იარაღის გაგზავნის პროცესის დაწყებას.
ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინის დახმარების შესახებ კანონპროექტი 20 აპრილს დაამტკიცა.
კანონპროექტის თანახმად, 23.2 მილიარდი უკრაინისთვის შეიარაღების შესყიდვაზე დაიხარჯება, ხოლო მაგალითად 7.85 მილიარდი პირდაპირ ფინანსურ დახმარებაზე ანუ უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტის დახმარებაზე.
მანამდე, წარმომადგენელთა პალატამ უკრაინის დახმარების მოწინააღმდეგეების მიერ შემოთავაზებული ოთხივე შესწორება უარყო, რის შემდეგაც სპიკერ, მაიკ ჯონსონის შეთავაზებულ ვერსიას დაუჭირა მხარი.