
აშშ-ის ადმინისტრაცია უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემების მოთხოვნების დაკმაყოფილების აუცილებლობის მიმართ მხარდაჭერას ადასტურებს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ტემი ბრიუსმა ისაუბრა.
"რაც მე ვიცი, არის ის, რაც პრეზიდენტმა და სახელმწიფო მდივანმა არაერთხელ თქვა, რომ ჩვენ ნამდვილად გვინდა, რომ მათ ჰქონდეთ მიწა-ჰაერის ტიპის სარაკეტო დაცვის სიტემა", - თქვა მან.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ მას არ შეუძლია კომენტარის გაკეთება, განიხილება თუ არა გადაწყვეტილება იარაღის გაყიდვასთან დაკავშირებით. თუმცა, ბრიუსმა აღნიშნა, რომ არ არის გამორიცხული, ევროპელი პარტნიორების გავლით უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება.
"ამ საკითხში მრავალი სხვადასხვა მოლაპარაკება მიმდინარეობს და განიხილება არაერთი ასპექტი, რომელშიც არ მონაწილეობს სახელმწიფო დეპარტამენტი. საქმე ეხება საბრძოლო მასალას, შესყიდვებს და ყველაფერ ამას. რაც მე ვიცი არის ის, რომ ჩვენ ვაკეთებთ და კვლავაც გვსურს გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია. ეს უდავოა", - თქვა ბრიუსმა.