კომპანია არქის გენერალური დირექტორი, შიო ხეცურიანი აცხადებს, რომ ბათუმში რუსებისთვის ორგანიზებულ უძრავი ქონების გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს, თუმცა კომპანიის ლოგო და სახელი ნებართვის გარეშე გამოიყენეს.
"ყველას ვთხოვთ, ჩვენი ნებართვის გარეშე ნუ იყენებენ ჩვენი ბრენდის სახელს, ნუ იყენებენ ჩვენს ლოგოს. ჩვენ რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ გაგრძელდება ჩვენი ლოგოს თავისი პირადი მიზნებისთვის გამოყენება, ჩვენს უფლებებს სამართლებრივად აუცილებლად დავიცავთ.
ამ ღონისძიების ორგანიზატორებმა მოგვმართეს, ჩვენგან მიიღეს უარი და ეს იყო გარკვეული პერიოდის წინ. შესაბამისად, ჩვენთვის აბსოლუტურად მოულოდნელი იყო მათ საიტზე თუ სოციალურ ქსელში ჩვენი ლოგოს გამოყენება"- აცხადებს ხეცურიანნი.
29-30 ივლისს ბათუმში რუსებისთვის უძრავი ქონების გამოფენა-გაყიდვა ჩატარდება. ინფორმაცია ღონისძიების ორგანიზატორის People - Real Estate-ის ვებგვერდზეა განთავსებული.
სარეკლამო კამპანიის სახე რუსეთში მცხოვრები მომღერალი ირაკლი ფირცხალავაა.
ფირცხალავა ასევე ვიდეომიმართვასაც ავრცელებს და აღნიშნავს, რომ გამოფენა-გაყიდვის შემდეგ, მისი კონცერტიც გაიმართება.
საიტზე თავდაპირველად განთავსებულ ინფორმაციაში ეწერა, რომ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებდნენ შემდეგი სამშენებლო კომპანიები: არქი, გუმბათი ჯგუფი, მეტრო სითი ბათუმი, ტერასა ჯგუფი, დრიმლენდ ოაზის ჩაქვი, გრინ კაფე ბათუმი და სხვა.
არქის გარდა, გუმბათმა გაავრცელა ინფოორმაცია და აღნიშნა, რომ კომპანია ბათუმში რუსეთის მოქალაქეებისთვის ორგანიზებულ უძრავი ქონების გამოფენაში მონაწილეობას არ იღებს და რუსულმა უძრავი ქონების კომპანია PEOPLE-REAL ESTATE-მა მათი სახელი და ლოგო უნებართვოდ გამოიყენა.
ახლა კომპანიების არქი და გუმბათი ჯგუფის ლოგოები ღონისძიების საიტზე აღარ იძებნება.