სუს-ის უფროსის მოადგილის ალექსი ბატიაშვილის თქმით, სუს-ის ანგარიშში ნახსენები "დესტრუქციული ძალები", რომლებიც სუს-ის თქმით, ქვეყნის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნიდნენ და მოსახლეობას, მათ შორის, ძალადობისკენ მოუწოდებდნენ, "ოპოზიციის მისამართით ბრალდებას" არ მოიცავს.
ბატიაშვილის თქმით, ის კონკრეტულ მტკიცებულებებზე ვერ ისაუბრებს, თუმცა ოპოზიციის მისამართით ბრალდება არ ყოფილა და აქ ზოგადი "აქტორები იგულისხმებოდნენ", ვისი მიზანიც ქვეყანაში არეულობა იყო.
ბატიაშვილის თქმით, სუს-მა სხვა უწყებებთან თანამშრომლობით ამ "დესტრუქციული ჯგუფების" გეგმების "აღკვეთა შეძლო".
"კონკრეტულ ფაქტებზე, მტკიცებულებებზე, რა თქმა უნდა, ვერ ვისაუბრებთ გახსნილად. არანაირი ბრალდება ოპოზიციის მისამართით არ ყოფილა. პოლიტიკური ჯგუფები არ იყო, აქ იყო ზოგადი პიროვნებები და აქტორები, სხვადასხვა რაოდენობის ჯგუფი შეიძლება ეს ყოფილიყო. რა თქმა უნდა, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, გეგმავდნენ გარკვეულ დისლოციურ ქმედებებს. მათი მიზანი იყო არეულობა და ეს ჩვენი სამსახურის და შესაბამისად, სხვა სახელმწიფო სამსახურების ერთობლივი ღონისძიებების გატარების შედეგად იქნა აღკვეთილი. დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ." - განაცხადა ალექსი ბატიაშვილმა.
სუს-ის 2022 წლის შემაჯამებელ ანგარიშში საუბარია "შიდა დესტრუქციულ ძალებზე". უწყების თქმით, ეს ძალები ცდილობდნენ, გაეღვივებინათ "შიდაპოლიტიკური დაძაბულობა" და მათ შორის, მოსახლეობას "დესტრუქციული, ქვეყნის უსაფრთხოებისთვის დამაზიანებელი ქმედებებისკენ" მოუწოდებდნენ.
"საქართველოს გარშემო მიმდინარე რთულ და არაპროგნოზირებად პროცესებს თან ერთოდა ქვეყანაში დესტრუქციული ძალების მიერ ინსპირირებული შიდაპოლიტიკური დაძაბულობა და მისი გამწვავების მცდელობები. შიდა და გარე აქტორები, პატრიოტულ განწყობებზე აპელირებით, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების საწინააღმდეგოდ მიმართულ განცხადებებს ავრცელებდნენ და მოსახლეობას დესტრუქციული, ქვეყნის უსაფრთხოებისთვის დამაზიანებელი ქმედებების განხორციელებისკენ მოუწოდებდნენ." - წერია სუს-ის ანგარიშში.
უწყების თქმით, ქვეყანაში არსებულ უსაფრთხოების გარემოს აზიანებდა "მტრულად განწყობილი სუბიექტების მიერ საზოგადოების მეტი პოლარიზაციისკენ მიმართული აქტივობები, კრიტიკულად მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირების შეფერხების მცდელობები, ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობისკენ მოწოდება და სოციალური დესტაბილიზაციის ხელშეწყობა."
სუს-ის თქმით ამ "დესტრუქციული ძალებში", მათ შორის მოიაზრებიან „უცხო ქვეყნების სპეციალურ სამსახურებთან შესაძლო კავშირში მყოფი სუბიექტები“, რომლებიც „ცდილობდნენ საქართველოს ურთიერთობის დაზიანებას კონკრეტულ სახელმწიფოებთან, დასავლელ პარტნიორებსა და სტრატეგიულ მოკავშირეებთან”.
"რეგიონში მიმდინარე საომარი მოქმედებების გათვალისწინებით, მსგავსი აქტივობები საფრთხეს უქმნიდა საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას" - წერია სუს-ის ანგარიშში.
6 ივლისს გამოქვეყნებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშიდან იკვეთება, რომ 2022 წელს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმა მზადდებოდა. ანგარიშში არ წერია, ვისზეა საუბარი ან რა სახის თავდასხმა მზადდებოდა.