დღეს, 19:00 საათზე, პარლამენტის წინ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორია სტუდენტური მოძრაობა დაფიონი.
"ჩვენი ბრძოლა გრძელდება! ჩვენ არ ვაპირებთ შევასვენოთ მოძალადე პოლიცია, რომელიც ძალადობს ყველაზე, განურჩევლად! ქალებსა და ბავშვებზეც კი! არაფრად აგდებენ რელიგიურ დღესასწაულებსაც. სასტიკად დაგვარბიეს დიდ ხუთშაბათსაც და წითელ პარასკევსაც, ამიტომ, ჩვენ დაუშვებლად ვთვლით, ოდნავ მაინც დავასვენოთ ეს ჯალათები.
ვინაიდან რელიგიური კვირეულია, ჩვენი მსვლელობები იქნება სპეციფიკური, თხოვნაა, ეს გაითვალისწინოთ, იქნება ძალიან ბევრი პროვოკაცია და მზად იყავით. ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად ზრდილობიანად, სუფთად და ლამაზად უნდა ჩატარდეს მსვლელობები. თხოვნაა, წამოიღოთ სანთლები. მოსალოდნელი წვიმისთვისაც იყავით მზად", - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, დღეს 18:30 საათზე, მოძრაობა სირცხვილია თბილისში, სასტუმრო პარაგრაფთან აქციას აანონსებს. ორგანიზაციის ინფორმაციით, აქცია - სასტუმროში აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტის მიღების პარალელურად, 18:30 საათზე გაიმართება.