"არა რუსულ კანონს!" - ამ სახელწოდებით ორშაბათს, 19:00 საათზე პარლამენტთან აქცია გაიმართება.
აქციის ორგანიზატორები არიან საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, დემოკრატიის მცველები და საქართველოს მომავლის აკადემია.
"საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლა გრძელდება. ორშაბათს, 15 აპრილს, 19:00 საათზე, რუსული კანონის პირველი საკომიტეტო მოსმენის შემდეგ, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია გაიმართება!
ნუ დარჩები სახლში, გამოდი გარეთ. რუსული კანონი გვეხება საქართველოს ყველა მოქალაქეს! რუსული კანონი არის დიდი კედელი საქართველოსა და ევროპას შორის! კი ევროპას! არა რუსულ კანონს!", - ნათქვამია განცხადებაში.
დაპირების მიუხედავად, ერთი წლის თავზე ქართული ოცნება ე.წ. უცხო აგენტების შესახებ რუსულ კანონს განსახილველად აბრუნებს და მის მიღებას მეორედ ეცდება. 3 აპრილს ინიციირებული კანონპროექტი იდენტურია შარშანდელი კანონპროექტისა, რომლის განხილვებსაც მასობრივი პროტესტი მოჰყვა. ფორმალური განსხვავებაა მხოლოდ ტერმინში - ახალ ვერსიაში "უცხოური გავლენის აგენტი" შეცვლილია "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით".
მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ ამ კანონპროექტს არაფერი აქვს საერთო რუსეთთან, მან დასავლელი პოლიტიკოსების კრიტიკა უკვე დაიმსახურა.