აპარატი: რისკების თავიდან აცილების მიზნით, ამ კვირაში პლენარული სხდომები არ გაიმართება

აპარატი: რისკების თავიდან აცილების მიზნით, ამ კვირაში პლენარული სხდომები არ გაიმართება

საქართველოს პარლამენტის აპარატი განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ "ინფრასტრუქტურის დაზიანების და შენობაში მყოფი პირების ჯანმრთელობისთვის მოსალოდნელი რისკების თავიდან აცილების მიზნით, მიმდინარე კვირას პლენარული სხდომები არ გაიმართება".

"7-8 მარტს საქართველოს პარლამენტის სასახლესთან შეკრებილი მოქალაქეების ნაწილის მხრიდან ძალადობრივი ქმედებების შედეგად ზიანი მიადგა პარლამენტის შენობასა და ინფრასტრუქტურას.

ზარალის აღწერის, მიყენებული ზიანის აღდგენის, პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლების ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, პარლამენტის სასახლეში მიმდინარე წლის 9-10 მარტს „საქართველოს პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 30 დეკემბრის N259/3 ბრძანებით დადგენილი რეგულაციების შესაბამისად,

იმოქმედებს ტერიტორიაზე დაშვების შეზღუდული რეჟიმი, რომელიც გავრცელდება ყველა ვიზიტორზე, აკრედიტებულ მედიაზე და პარლამენტის წევრებზე.

შენობაში, საქართველოს პარლამენტის აპარატის მიერ, დაიშვებიან აპარატის მხოლოდ ის თანამშრომლები, რომლებმაც მონაწილეობა უნდა მიიღონ ზიანის აღწერასა და აღდგენაში.

ინფრასტრუქტურის დაზიანების და შენობაში მყოფი პირების ჯანმრთელობისთვის მოსალოდნელი რისკების თავიდან აცილების მიზნით, მიმდინარე კვირას პლენარული სხდომები არ გაიმართება", - აღნიშნულია პარლამენტის განცხადებაში.

***

ქართულმა ოცნებამ 7 მარტს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე 7 მარტს დილის 09:30 საათიდან შეიკრიბნენ მოქალაქეები, რომლებიც რუსული კანონის განხილვას აპროტესტებდნენ. აქტივისტები მას შემდეგ დაიშალნენ, რაც ცნობილი გახდა, რომ კანონს 9 მარტს განიხილავდნენ. თუმცა მამუკა მდინარაძის ინიციატივით, კანონი პლენარულ სხდომაზე ხუთშაბათის ნაცვლად გუშინვე განიხილეს.

განხილვის დაწყებისთანავე მოსახლეობა კვლავ პარლამენტთან შეიკრიბა. მას შემდეგ, რაც ოცნებამ, პირველი მოსმენით, რუსული კანონპროექტის მიღებას მხარი დაუჭირა ტერიტორიაზე ვითარება გამწვავდა.

8 მარტის მონაცემებით, ჯამში 76 მოქალაქეა დაკავებული, მათ შორის გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე. ადვოკატის ცნობით, ჯაფარიძე ნაცემია და ხელკეტების რტყმისგან დაზიანებები აქვს თავზე.