სახალხო დამცველის აპარატის პირველადი შეფასებით, გუშინდელ აქციაზე მომიტინგეების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალა იქნა გამოყენებული, ასევე, ადგილი ჰქონდა ძალადობასა და ანგარიშსწორებას.
ამის შესახებ ომბუდსმენმა ბრიფინგზე ისაუბრა და განმარტა, რომ ეს შსს-ს მიმართ მოწოდება და გაფრთხილებაა, არ გაიმეოროს გუშინ მომხდარი და არ ჩაერიოს მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლებაში.
"ადმინისტრაციული შენობის შესასვლელების გათავისუფლება შესაძლოა იყოს ლეგიტიმური მოთხოვნა, თუმცა მთავარი გათავისუფლებისას გამოყენებული ძალა იყოს აუცილებელი და პროპორციული, რაც ჩვენი დაკვირვებით, ცალკეულ შემთხვევებში ნამდვილად არ იყო სახეზე. მოგვიანებით, დაახლოებით 40 წუთის შემდეგ, სამართალდამცავებმა გამოიყენეს სპეციალური საშუალება ე.წ წიწაკის სპრეი, მათ შორის, დამიზნებით, ასევე, ზოგადად, აქციის მონაწილეების მიმართ წიწაკის სპრეის გამოყენება აქციის მიმდინარეობისას რამდენჯერმე მოხდა, რასაც ზოგჯერ თან ახლდა ტერიტორიის გათავისუფლება. არცერთ შემთხვევაში, არ არსებობდა მისი გამოყენების საფუძველი. ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, დგინდება, რომ არ მომხდარა სპეციალური საშუალებების გამოყენების თაობაზე აქციის მონაწილეების წინასწარი გაფრთხილება. 22:22-დან სამართალდამცავების მხრიდან გაფრთხილების გარეშე ადგილი ჰქონდა ცრემლსადენი გაზის დიდი ოდენობით გამოყენებას, ხოლო რამდენიმე წუთის შემდეგ გაკეთებული გაფრთხილების განცხადებას რამდენიმე წამში მოჰყვა წყლის ჭავლის გაშვება. გაფრთხილების გაჟღერების დროისთვის და შემდგომაც აქციას ჰქონდა მშვიდობიანი ხასიათი და არ არსებობდა მისი შეწყვეტის, შესაბამისად მისი დაშლისკენ მოწოდებისა და მშვიდობიანი მომიტინგეების შეკრების თავისუფლებაში ჩარევის საფუძველი", - განაცხადა იოსელიანმა.
ომბუდსმენმა აღნიშნა, რომ სასტიკად გაუსწორდნენ დეპუტატ ლევან ხაბეიშვილს, გარდა ამისა, წიწაკის სპრეის გამოყენების შედეგად დაშავდნენ გამოცემა პუბლიკას ჟურნალისტი, ხოლო TV პირველის გადამღებ ჯგუფს საქმიანობაში ხელი შეეშალა.
"30 აპრილის ღამეს და პირველი მაისის მთელი დღის განმავლობაში მოვინახულეთ 49 პირი, აქედან ადმინისტრაციული წესით დაკავებული იყო 47. 31 მიუთითებდა სპეცრაზმის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე, არაპროპორციული ძალის გამოყენებაზე, უმრავლესობას აღენიშნებოდა დაზიანებები. 31-დან 19ითხოვდა რეაგირებას, რის შესახებაც სახალხო დამცველის მიერ დაუყოვნებლივ ეცნობა საგამოძიებოს".
ომბუდსმენი მოუწოდეს შსს-ს, უსაფუძვლოდ არ ჩაერიოს მოქალაქეების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაში და აღარ დაუშვას მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ანგარიშსწორება და ძალადობა, ხოლო სპეციალურ საგამოძიებოს, ჩაატაროს ეფექტური ღონისძიებები.