
პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულმა ანატოლი გიგაურმა სასამართლო პროცესზე განცხადება დაასრულა სიტყვებით: „ვიმარჯვებთ ერთად, წინ საქართველო, წინ ევროპისკენ.“
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიას უნდა გამოეცხადებინა განაჩენი გიგაურის საქმეზე, თუმცა გადაწყვეტილება გადაიდო. მოსამართლემ განმარტა, რომ არსებობს რიგი მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც დამატებით ანალიზს მოითხოვს, რის გამოც განაჩენის გამოცხადების თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.
გიგაურმა სასამართლო სხდომაზე ახსნა, თუ რატომ არ მისცა გამოძიებას ჩვენება:
„პროკურორმა თქვა, რომ მე ჩვენება არ მივეცი — როცა შეგყავს ადამიანს ოთახში, თავში მუშტებს ურტყამ და მერე ჩვენებას ითხოვ, არ ვიცი, რომელი სრულფასოვანი ადამიანი მისცემს ასეთ პირობებში ჩვენებას.“
მისივე თქმით, საქმეში წარმოდგენილი პოლიციელების ჩვენებები ერთმანეთთან შეუსაბამოა: ერთ-ერთმა განაცხადა, რომ თავად არ ჰქონია ფიზიკური შეხება გიგაურთან, ხოლო მეორემ თქვა, რომ „თუ გიგაურმა პოლიციელს დაესხა თავს, ეს მხოლოდ იმ პოლიციელმა იცის.“
შეგახსენებთ, რომ ანატოლი გიგაური სამართალდამცავებმა 2023 წლის 25 ნოემბერს დააკავეს.
გამოძიების ვერსიით, გიგაურმა პატრულ-ინსპექტორს, რომელიც საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით იყო მობილიზებული, თავს დაესხა და ფიზიკური ძალადობა განახორციელა.
ბრალდებულს წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353¹ მუხლი, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.