ამბასადორში ხანძრის გაჩენის საქმეზე დაკავებული ბრალს არ აღიარებს

ამბასადორში ხანძრის გაჩენის საქმეზე დაკავებული ბრალს არ აღიარებს

თბილისში, სასტუმრო ამბასადორში ხანძრის გაჩენის საქმეზე დაკავებული ბრალს არ აღიარებს. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა ისაუბრა და განაცხადა, რომ ბრალდებული უარყოფს საქმეში მისი რაიმე სახით მონაწილეობასაც.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ აღიარებს წარდგენილს, დაკავებასაც არ აღიარებს. უარყოფს მომხდარ ფაქტში მის მონაწილეობას რაიმე სახით, ამასთანავე, რაც გავრცელებულია, რომ კაზინოში ითამაშა და ათასნაირი ვერსია არსებობს, ამასაც კატეგორიულად უარყოფს", - განაცხადა ადვოკატმა.

გუშინ სასტუმრო ამბასადორში ხანძრის გაჩენის საქმეზე ერთი ადამიანი დააკავეს, მას ბრალად ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანება ან განადგურება ედება - დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიების ვერსიით, ამბასადორის ერთ-ერთ ნომერში მყოფმა სტუმარმა ხანძარი გააჩინა, რომელიც სასტუმროს მესამე და მეოთხე სართულზე გავრცელდა.

31 მარტს თბილისში, სასტუმრო ამბასადორში ხანძარი გაჩნდა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე 16 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშაობდა.

როგორც უწყებაში აღნიშნავდნენ, იყო ცეცხლის გვერდზე მდგომ შენობებზე გადასვლის საფრთხე, რაც მეხანძრე-მაშველებმა აღკვეთეს. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.