
21 აპრილს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებულ ლევან ზაზაძეს 12-დღიანი პატიმრობა შეეფარდა. მასთან ერთად დაკავებულ დავით გუნაშვილს კი 7-დღიანი.
ლევან ზაზაძის საქმეზე მოსამართლის გადაწყვეტილებას თბილისის საქალაქო სასამართლოში ხმაური მოჰყვა. ადგილზე შეკრებილმა მოქალაქეებმა გადაწყვეტილება გააპროტესტეს, რის შემდეგაც მანდატურის სამსახურმა აქტივისტებს დარბაზი ძალის გამოყენებით დაატოვებინა.
დარბაზიდან გაყვანის დროს რამდენიმე აქტივისტი წაიქცა, ამავდროულად, ერთ-ერთი მოქალაქე ადგილზე შეუძლოდ გახდა.
ლევან ზაზაძე და დავით გუნაშვილი პოლიციამ რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 21 აპრილს დააკავა. აქცია დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, მას შემდეგ, რაც წინა ღამეს, გიორგი ორთოიძე და მიხეილ სამხარაძე დააკავეს.
მათი მხარდამჭერები პარლამენტთან დილიდან იყვნენ შეკრებილები და გზის გადაკეტვას ცდილობდნენ. პოლიციამ ამ დროს გზის სავალი ნაწილი აქციის მონაწილეებისგან ძალის გამოყენებით გაათავისუფლა.