თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი განმარტავს, თუ რატომ არის ლაზარე გრიგორიადისის დაკავება პოლიტიკური.
ფორმულას გადაცემა კომენტარში ახვლედიანი აცხადებს, რომ აქტივისტის დაკავებამდე, თანამდებობის პირებმა ფაქტობრივად დახატეს მისი სურათი და დავალება მისცეს სასამართლოს.
ახვლედიანის თქმით, 7-9 მარტის დემონსტრაციებზე ძალის გადამეტება ხდებოდა პოლიციელების მხრიდან, მოქალაქეები კი თავს იცავდნენ მათგან.
"ამ საკითხს მე დავარქვი პოლიტიკური დაკავება იმიტომ, რომ ფაქტობრივად, პოლიტიკური თანამდებობის პირები წინასწარ ხატავენ ადამიანის სურათს, აჩვენებენ ვიზუალს და ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ მათ წინასწარვე იცოდნენ ვინ უნდა შეერჩიათ. დარღვევაზე რომ იყოს საუბარი, შესაძლებელია, იქ ბევრმა დაარღვია, თუმცა ასეთი ტიპის დემონსტრაციების დროს ბევრი რამე შესაძლებელია დასაშვები იყოს.
მეც ვიყავი ამ დემონსტრაციაზე და გაცილებით მეტი დარღვევა დავინახე სამართალდამცავებისგან, ვიდრე მოქალაქეების მხრიდან. მოქალაქეები ფაქტობრივად თავს იცავდნენ, როცა პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტება ხდებოდა. რა თქმა უნდა, როცა სხვა ფორმა არ გაქვს, რომ გამოხატო და დაიცვა შენ უფლებები, რაღაც ფორმები დასაშვებია. რა თქმა უნდა, მოლოტოვის კოქტეილი მოსაწონი არ არის, მაგრამ მაშინ ნახევარი ევროპა დაკავებული უნდა იყოს, იმდენჯერ ხდება მსგავსი ქმედებები. ამ ადამიანის მიმართ შესაძლებელია ადმინისტრაციულად ან ჯარიმით გამოიხატოს ამ ადამიანის მიმართ.
ადვოკატი საუბრობს, რომ მხოლოდ ორი პოლიციელის ჩვენებით არის ადამიანი დაკავებული, რაც წარმოუდგენელია. როცა პოლიტიკოსები წინასწარ საუბრობენ და ხატავენ ამ ადამიანის სურათს და შემდგომ გვაჩვენებენ ვიზუალს, ესაა მიზანმიმართული ქმედება. ისინი, ფაქტობრივად, დავალებას იძლევიან სასამართლოს მიმართ"- აცხადებს ახვლედიანი.
31 მარტს სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის 29 მარტს დააკავეს - შსს-ს მტკიცებით, მან 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 29 მარტს გაავრცელა ინფორმაცია, რომ დააკავეს ერთი ადამიანი, ვინც მათი მტკიცებით, 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა. უწყება ამტკიცებს, რომ ამის შედეგად, პოლიციელებმა დაზიანებები მიიღეს.
შსს-ს განცხადებით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს და 7-9 მარტს მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს "მომხდარ ძალადობრივ ქმედებებზე" საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
აქტივისტის წინააღმდეგ ხელისუფლებამ სიძულვილის კამპანია დაიწყო. უკვე ორჯერ ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ "ორიენტაციაარეული" უწოდა.