ახმეტაში პოლიციელებს ახალგაზრდებზე, მათ შორის არასრულწლოვანზე ძალადობაში ადანაშაულებენ.
დაზარალებული მოზარდი ფორმულასთან ყვება, რომ პოლიცია მის მეგობარს უკანონოდ აკავებდა, როცა მან კითხვა დასვა, ფიზიკურად გაუსწორდნენ.
"კულტურის სახლთან გაგვაჩერეს, არაფრის გამო ჩემს მეგობარს უთხრეს, რომ დაკავებული ხარო და მანქანაში სვამდნენ. ვკითხე, რის საფუძველზე აკავებთ, ადვოკატს ავიყვანთ და ერთად მოვალთ მეთქი. მანქანიდან გადმომაგდეს მე და მეუბნება, ჯიბეები ამოატრიალეო. ჩამეჭიდნენ მაისურზე. გვერდიდან მეორე ხელს მიჭერდა. მაგ დროს დამარტყეს, სამმა-ოთხმა კაცმა ერთდროულად დამარტყა. ერთი მომხვდა სახეში, მერე ცხვირში", - ყვება არასრულწლოვანი.
დაკავებულის ძმა გიორგი ნაროზაული ფორმულასთან ამბობს, რომ პოლიცია არ ეუბნებოდა, რატომ აკავებდა მის ძმას - "ასეთია დავალება, დავალება გადმოცემულიაო". მისივე თქმით, დაკავებული ნაცემია.
არსებული ინფორმაციით, დაპირისპირებაში ათამდე პოლიციელი, მათ შორის ახმეტის პოლიციის უფროსი გიორგი ჩოქური მონაწილეობდა.
ფორმულა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირად და მათ კომენტარს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.