ფრიდრიხ ებერტის ფონდის (FES) კვლევის თანახმად, ახალგაზრდების უმეტესობა (62%) ამბობს, რომ საერთოდ არ არის პოლიტიკით დაინტერესებული. ამავე კვლევის მიხედვით, ახალგაზრდების 10% არ არის ძალიან დაინტერესებული პოლიტიკით, დაახლოებით მეოთხედი გარკვეულწილად დაინტერესებულია და მხოლოდ 4% არის ძალიან დაინტერესებული.
"ახალგაზრდების დაახლოებით ერთი-მესამედი (38%) აღნიშნავს, რომ ან ნაკლებად დაინტერესებულია, ან გარკვეულწილად ან ძალიან დაინტერესებულია პოლიტიკით. უმაღლესი განათლების მქონე ახალგაზრდების დაახლოებით ნახევარი აღნიშნავს, რომ დაინტერესებულია პოლიტიკით. უმუშევარ რესპონდენტებთან შედარებით (34%), ათი პროცენტით მეტი დასაქმებული ახალგაზრდა (44%) ინტერესდება პოლიტიკით. ამასთან, თბილისს გარეთ მცხოვრებ რესპონდენტებთან შედარებით, თბილისში მცხოვრები ახალგაზრდები (43%) უფრო მეტად არიან დაინტერესებული პოლიტიკით.
ახალგაზრდების იმ ნაწილს, რომელიც დაინტერესებულია პოლიტიკით, ასევე ჰკითხეს პოლიტიკური საკითხების განხილვის სიხშირის შესახებ. ახალგაზრდების თითქმის სამიმეოთხედი (მათ შორის, ვინც მეტ-ნაკლებად დაინტერესებულია პოლიტიკით) არასდროს (25%), ან იშვიათად (51%) განიხილავს პოლიტიკას მეგობრებთან ერთად. მხოლოდ ყოველი მეხუთე რესპონდენტი ამბობს, რომ ხშირად, ხოლო 4% - ძალიან ხშირად განიხილავს პოლიტიკას", - ნათქვამია კვლევაში.
ამასთან, FES-ის კვლევის თანახმად, პოლიტიკის მიმართ აპათიის მიუხედავად, საქართველოში ახალგაზრდების ნახევარზე მეტი ეცნობა პოლიტიკური მოვლენების შესახებ ინფორმაციას.
"ლენების შესახებ ინფორმაციას (დიაგრამა 12). გამოკითხულთა ერთი-მესამედი (34%) მოვლენებს ყოველდღიურად ეცნობა, ხოლო ყოველი მეხუთე ახალგაზრდა (22%) - კვირაში ერთხელ მაინც. გამოკითხულთა 28% თითქმის არ ეცნობა პოლიტიკურ ახალ ამბებს, ხოლო 15% ეცნობა პერიოდულად, თვეში ერთხელ მაინც. ეთნიკურად ქართველი, თბილისს გარეთ მცხოვრები, დასაქმებული და უმაღლესი განათლების მქონე ახალგაზრდები უფრო ხშირად ეცნობიან პოლიტიკურ ახალ ამბებს", - ნათქვამია კვლევაში.
კვლევის მეთოდოლოგია
კვლევის მეთოდოლოგია შეიმუშავა გაერთიანებული სამეფოს კვლევითმა კომპანიამ R-Research Limited-მა, ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დასკვეთით და მასთან კონსულტაციის საფუძველზე; საქართველოში 14-29 წლის ახალგაზრდების დამოკიდებულებების, აღქმებისა და მოსაზრებების შესწავლის მიზნით, კვლევის მეთოდოლოგია მოიცავდა როგორც რაოდენობრივი, ისე თვისებრივი კვლევის მეთოდებს.
რაოდენობრივი მონაცემები მოგროვდა 2022 წლის 30 მაისიდან 2022 წლის 16 ივნისამდე პერიოდში. თბილისში დაფუძნებულმა კომპანიამ IPM Research-მა 14-29 წლის ახალგაზრდების წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე 1 206 რესპონდენტი გამოკითხა. რესპონდენტები შეირჩა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი კლასტერული შერჩევის საფუძველზე. რესპონდენტები შეირჩა ასაკობრივი და გენდერული კვოტის გათვალისწინებით. ინტერვიუების საშუალო ხანგრძლივობა 45 წუთს შეადგენდა, სტანდარტული გადახრა კი 14,38 წუთი იყო.