
ავიაკომპანია ჯორჯიან ეარვეისი გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებას პასუხობს, რომლის თანახმადაც ის საზღვარგარეთ გაიტაცეს და აირზენას თვითმფრინავით თბილისში ჩამოიყვანეს.
კომპანიას ფორმულაში უთხრეს, რომ ბრალდებები უსაფუძვლოა. მათი თქმით, "შეუძლებელია ნებისმიერი საერთაშორისო აეროპორტიდან ნებისმიერი მოქალაქის ნებისმიერი ავიაკომპანიის ბორტზე მოხვედრა ან გამგზავრება არაკანონიერი გზით".
"ავიაკომპანია ჯორჯიან ეარვეისი მინიმუმ 3-4 ჯერ კვირაში ასრულებს კერძო პირების და სხვა სტრუქტურების მიერ შეკვეთილ ჩარტერულ რეისებს. აღნიშნული ჩარტერული რეისების შეკვეთებს აფორმებს ავიაკომპანიის კომერციული განყოფილება. კერძო პირების მიერ შეკვეთილი რეისების შესახებ ინფორმაცია წარმოადგენს პერსონალურ ინფორმაციას, რაც დაცულია კანონის მიერ და მისი გაცემის უფლება კომპანიას არ აქვს.
გვსურს მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ შეუძლებელია ნებისმიერი საერთაშორისო აეროპორტიდან ნებისმიერი მოქალაქის ნებისმიერი ავიაკომპანიის ბორტზე მოხვედრა ან გამგზავრება არაკანონიერი გზით. აღნიშნულ პროცესს ბევრი შესაბამისი სტრუქტურა აკონტროლებს და მსგავსი ბრალდებები სრულიად უსაფუძვლოა და აზრს მოკლებულია", - აცხადებენ კომპანიაში.
თანაინვესტირების ფონდის ყოფილი თავმჯდომარე გიორგი ბაჩიაშვილი ითხოვს, რომ მისი გატაცების საქმეზე გამოძიება დაიწყოს.
მისი თქმით, ის საზღვარგარეთ გაიტაცეს და საქართველოში აირზენას თვითმფრინავით ჩამოიყვანეს.