2008 წლის აგვისტოს ომის გმირის, შალვა გაბუნიას ახლობელი, თამარ კანკავა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებას ეხმაურება. მისი თქმით, რიჟვაძე "ვერ გაიგებს, რას ნიშნავს 19 წლის ასაკში გქონდეს გმირის ფსიქოლოგია".
"ლაჩარი ადამიანი პირველ რიგში იფიქრებდა საკუთარი სიცოცხლის საკუთარი სიცოცხლის, საკუთარი თავის გადარჩენაზე. სამჯერ არ შებრუნდებოდა სამხედრო ნაწილში თავისი სიცოცხლის რისკის ფასად. ამხანაგი რიჟვაძე და შალვა გაბუნია იყვნენ ტოლები. ძალიან საინტერესოა ჩემთვის, სად იმყოფებოდა თვითონ ამ დროს, სად იმალებოდა, რომელი ბუჩქის ძირას, რომელ კურორტზე ისვენებდა საზღვარგარეთ? როცა ხარ ფულზე გაყიდული, სულ გაყიდული მოღალატე მონა, მაშინ ვერ გაიგებ, რას ნიშნავს 19 წლის ასაკში გქონდეს გმირის ფსიქოლოგია", - ამბობს კანკავა.
15 ივნისს, თორნიკე რიჟვაძემ უმაღლეს საბჭოში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენისას 2008 წლის აგვისტოს ომს "ლაჩრულად წაგებული" უწოდა. მან განაცხადა, რომ 2008 წელს მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ "ლაჩრულად წაგებული ომის შემდეგ მწვანე აუნთო აგრესორი ქვეყნის წარმომადგენლებს".
მომდევნო დღეს, 2008 წლის ომზე განცხადების კრიტიკის შემდეგ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ქართველ ჯარისკაცებს "გმირები", მიხეილ სააკაშვილს კი ლაჩარი უწოდა.