"ჩვენთვის აღელვების მიზეზია" - ასე ეხმაურება ფორმულას ვაშინგტონის ჟურნალისტთან ინტერვიუში საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი, იან კელი პრეზიდენტის წინააღმდეგ დაწყებული იმპიჩმენტის პროცესსა და საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სანქცირების საკითხს.
ფარცხალაძის სანქცირების შემდეგ მთავრობის ქმედებების შეფასებისას, იან კელი აღნიშნავს, რომ მთავრობა "ფაქტობრივად, აპირებდა, შეეჩერებინა ამ სანქციების მოქმედება".
"რბილად რომ ვთქვათ და უფრო ნათლად თუ ვიტყვი, ეს იყო ჩვენთვის აღელვების მიზეზი. ეს იყო ქართველ-რუსი ოლიგარქის, ფარცხალაძის სანქცირება და საქართველოს მთავრობის ქმედებები, რაც ამ სანქცირებას მოჰყვა და იმის ნაცვლად, რომ დიპლომატიური არხების გამოყენებით ეცადათ სიტუაციის გამოსწორება, მთავრობის მაღალჩინოსნებმა საჯარო განცხადებები გააკეთეს და თქვეს, რომ არ შეასრულებდნენ შეერთებული შტატების მოთხოვნას სანქციებთან დაკავშირებით", - ამბობს ის.
რაც შეეხება პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტს, იან კელი აღნიშნავს, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ მიმდინარეობს ეს პროცესი.
"ყველასთვის გაუგებარია თუ რატომ მიმდინარეობს ეს პროცესი. იმპიჩმენტი, რომელიც ინიცირებულია სახელმწიფოს მეთაურის წინააღმდეგ, რომელიც დასავლეთში მოგზაურობდა ქვეყნის ევროპული მომავლის მხარდასაჭერად. ყველაფერი ეს ბევრს ლოგიკურად აფიქრებინებს, რომ საქართველოს მთავრობა უბრალოდ არ არის სერიოზულად განწყობილი, რომ შექმნას პლურალისტური და ანგარიშვალდებული სახელმწიფო სისტემა, რომელიც ინტეგრირდება დასავლურ ოჯახში, იქ სადაც ქართველი ხალხის ნამდვილი ადგილია.
საქართველოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა, წინ წაიწიოს და საქართველოს მთავრობა ჩანს, რომ ამ შესაძლებლობა უბრალოდ გვერდზე აგდებს და ჩვენ ამის გამო ღრმად შეშფოთებულები და იმედგაცრუებულები ვართ", - აცხადებს ყოფილი ელჩი.