დაკავებული აქტივისტი ლაზარე გრიგორიადისი ადვოკატმა მოინახულა. როგორც ლიკა ბითაძემ პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, გრიგორიადისის უფლებები დაირღვა.
კერძოდ, უფლებადამცველი ამბობს, რომ დაკავებულს ჯერ ადვოკატთან არ დაარეკინეს, შემდეგ კი ემუქრებოდნენ, რომ თუ აღიარებით ჩვენებას არ მისცემდა, მის მეგობარს დაიჭერდნენ.
ლიკა ბითაძის თქმით, გრიგორიადისი ამ დრომდე ინარჩუნებს დუმილის უფლებას და ჩვენებას პირველივე სასამართლო პროცესზე მისცემს.
"ვესაუბრეთ ლაზარეს. მოგვიყვა ყველაფერი. ცალსახად დაირღვა მისი უფლებები. დაირღვა უფლებები ადვოკატის ნაწილში - იგი ითხოვდა ადვოკატს და არ მოუყვანეს. იყო ასეთი შემთხვევაც, რომ დაკავებისას მიაწოდეს მისი ტელეფონი, უთხრეს დაერეკა ადვოკატისთვის და რომ აკრიფა ტელეფონის კოდი, გამოგლიჯეს ხელიდან. უნდოდათ კოდის გაგება და ადვოკატთან არ დაარეკინეს. არ იცის სახელი და გვარი, ჰგავდა დეპარტამენტის უფროსსო, შემოვიდა და მითხრა, რომ ადვოკატს არ მოიყვნდაო. ასევე, ამბობს, რომ თუ აღიარებით ჩვენებას არ მივცემდი, იმ შემთხვევაში, ჩემს მეგობარს გიორგი ჯარიაშვილს დააკავებდნენო. ამ ეტაპზე ისევ დუმილის უფლებას გამოვიყენებო და პირველივე სასამართლოზე მივცემ ჩვენებასო"- ამბობს ლია ბითაძე.
31 მარტს სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის 29 მარტს დააკავეს - შსს-ს მტკიცებით, მან 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 29 მარტს გაავრცელა ინფორმაცია, რომ დააკავეს ერთი ადამიანი, ვინც მათი მტკიცებით, 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა. უწყება ამტკიცებს, რომ ამის შედეგად, პოლიციელებმა დაზიანებები მიიღეს.
შსს-ს განცხადებით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს და 7-9 მარტს მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს "მომხდარ ძალადობრივ ქმედებებზე" საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
აქტივისტის წინააღმდეგ ხელისუფლებამ სიძულვილის კამპანია დაიწყო. უკვე ორჯერ ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ "ორიენტაციაარეული" უწოდა.