ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საკრებულოს დეპუტატის, ირაკლი ეძგვერაძის, ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე სპეციალური საგამოძიებო სამსახურს გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს.
ტყეშელაძის ცნობით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის უფლებები დარღვეულია. ადვოკატი ასევე ამბობს, რომ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს შეატყობინეს, რომ ირაკლი ეძგვერაძეზე პოლიციის თანამშრომლებმა იძალადეს.
"მედიამ დაადგინა თუ ვინ იძალადა, საჯაროდაც ცნობილია, ირაკლი ეძგვერაძემ იცის ვინ იძალადა მასზე და კანონით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ეკუთვნის, მყისიერად დაწყოს გამოძიება, მაგრამ დღეს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელმა განაცხადა, რომ თურმე გამოძიება ახლაც არ დაწყებულა და ირაკლისთან გასაუბრება სურს. Რა თქმა უნდა, ირაკლი ყველაფერს იტყვის, სიმართლეს და ვნახოთ სპეციალური საგამოძიებო სამსახური გამოძიებას თუ დაიწყებს, მაგრამ მე კოკა კაციტაძის უწყებას აქედანვე ვეტყვი, რომ გამოძიობანას თამაშს დაანებონ თავი, გამოიძიონ რეალურად და შემდეგ პროკურატურამ წაუყენოს ბრალი", - ამბობს ლაშა ტყეშელაძე.
დეპუტატი ირაკლი ეძგვერაძე 4 სექტემბერს დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ პოლიცია ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებას ასრულებდა, რასაც ეძგვერაძე ხელს უშლიდა. ამასთან, უწყებაში ამბობენ, რომ აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებებთან ეძგვერაძეს არანაირი შეხება ჰქონია.
ირაკლი ეძგვერაძე დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად.