ადვოკატის თქმით, დაკავების შემდეგ, განყოფილებაში ვატო ბჟალავაზე ფიზიკურად იძალადეს

ადვოკატის თქმით, დაკავების შემდეგ, განყოფილებაში ვატო ბჟალავაზე ფიზიკურად იძალადეს

დაკავებული მკვლევრის, ვატო ბჟალავას ადვოკატი, გიორგი ტაბატაძე ამბობს, რომ განყოფილებაში გადაყვანის დროს ბჟალიაზე ფიზიკურად იძალადეს. როგორც ტაბატაძემ ფორმულას ეთერში თქვა, ბჟალავას სახეში გაარტყეს და წვივში ფეხი ჩაარტყეს.

ადვოკატის თქმით, მკვლევარს ხუთი საათის განმავლობაში ეძებდნენ, და, როგორც იგი აღნიშნავს, ეს სისტემური პრობლემაა, ვინაიდან არ ეუბნებიან, სად იმყოფებიან დაკავებულები.

"რაც შეეხება უშუალოდ ვატოს, ვატოს მიმართ იყო ძალადობა. როდესაც დააკავეს, მიიყვანეს განყოფილებაში, იქ შევიდა ერთ-ერთი პოლიციელი, რომელიც ეუბნებოდა, რომ ტელეფონზე მოეხსნა პაროლი და ეთქვა რა დაჯგუფებებში იღებდა მონაწილეობას აქციებზე, ამ დროს სახეში დაარტყა ხელი ორჯერ და ფეხი ჩაარტყა წვივის არეში, სადაც აღენიშნება კიდეც დაზიანება, აქვს სილურჯე. სახეზე ჯერჯერობით დაზიანება არ ემჩნევა, შეიძლება დროის გასვლის შემდეგ დაემჩნეს, რადგან ძლიერად მოხვდა ორჯერ ხელი", - ამბობს გიორგი ტაბატაძე.

მისივე თქმით, თავდაპირველად ვატოსაც ეგონა, რომ სისხლის სამართლის წესით დააკავეს, რადგანაც სისხლის სამართლის საქმეზე ესაუბრებოდნენ. რაც შეეხება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს, რომ თითქოს ბჟალავა წინააღმდეგობას უწევდა პოლიციას, ადვოკატი ამბობს, რომ ამის საფუძველი არ არსებობდა.

"ვატო დაკითხულია სასამართლოშიც, მისცა ჩვენება ჩვეულებრივად და ამის შემდეგ მოხდა ეს ამბავი. მაგრამ ვინაიდან ვერ აღმოაჩინეს ვერაფერი, ვატო არის მკვლევარი, აქციებზე დადის როგორც ჟურნალისტი, იღებს უფლებადარღვევებს, ჰქონდა "ბეიჯიც" ჟურნალისტის, ამიტომ იგი თავად ამ აქციებზე მიმდინარე მოვლენებში არ იღებს მონაწილეობას, არამედ ასახავს იქ არსებულ ვითარებას და შემდეგ სოციალურ ქსელში აზიარებს. ამიტომ როდესაც აღმოაჩინეს, რომ არანაირ სამართალდარღვევას იქ ადგილი არ ჰქონია, სისხლის სამართლის კუთხით ვეღარ წაიყვანეს საქმე და, როგორც ჩანს, დაკავების მიზეზი რომ გაემართლებინათ, შეუდგინეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, თითქოს იგი პოლიციას უწევდა წინააღმდეგობას, თუმცა თქვენ ნახეთ ვიდეომასალა, როდესაც მივიდა სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პოლიციელი და უთხრეს, რომ უნდა წაგიყვანოთო, ჩვეულებრივად გაჰყვა, ყოველგვარი წინააღმდეგობის გაწევის გარეშე. ერთადერთი თხოვნა ჰქონდა, რომ ძაღლს ასეირნებდა და სახლში მისი აყვანის საშუალება ჰქონოდა, თუმცა ამის უფლებაც არ მისცეს და იქ სუპერმარკეტთან დატოვეს ძაღლი მიბმული", - ამბობს ტაბატაძე.