ადვოკატი: დაკავებულები გამორიცხავენ, რომ პოლიციელებზე ძალადობას ჰქონდა ადგილი

ადვოკატი: დაკავებულები გამორიცხავენ, რომ პოლიციელებზე ძალადობას ჰქონდა ადგილი

ნიკა მელიასა და ბაჩო დოლიძის ადვოკატის, გიორგი კონდახაშვილი ანცხადებით, გუშინ გლდანში დაკავებული ოპოზიციონერები აბსოლუტურად გამორიცხავენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერსიას, რომ მათ პოლიციელებზე იძალადეს.

"ჯერჯერობით, რა ინფორმაციაც ჟღერდება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, პარალელურად, მიმდინარეობს გამოძიება პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტზე, თუმცა კადრებიც გავრცელდა და თვითონ ნიკაც და სხვა დაკავებულებიც აბსოლუტურად გამორიცხავენ, რომ მათი მხრიდან, პოლიციელებზე რამე სახის ძალადობას ჰქონდა ადგილი. იქ იყო, რა თქმა უნდა, ემოციური ფონი და მათი მხრიდან პროტესტი, რომ ეს ძალადობა იყო წახალისებული, პოლიცია იყო რეაგირების გარეშე და წარმოუდგენელია 30-40 ადამიანი დღისით მიუვარდეს საკრებულოს წევრს ოჯახში და იძალადოს პირებზე, რომლებიც საავადმყოფოში არიან გადაყვანილი და ამაზე პოლიციას არ ჰქონდეს მყისიერი რეაგირება", - ამბობს ის.

ადვოკატი პოლიციელებზე ძალადობის მუხლით გამოძიების დაწყებაზე ამბობს, რომ ამას ხელისუფლება ინსტრუმენტად იყენებს. ის არ გამორიცხავს, რომ დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის მუხლითაც წარედგინოთ.

"არ გამიკვირდება, თუ კვლავ დაიწყება გარკვეული მანიპულაცია და ბრალის წარდგენა ამ მუხლით, თუმცა, სამართლებრივი თვალსაზრისით, ძალიან გაუჭირდებათ, თუნდაც ნიკა მელიასთან და ბაჩო დოლიძესთან მიმართებაში, რომ დაუდასტურონ, როცა ათეულობით კამერა იღებდა, რომ რომელიმე მათგანმა იძლადა პოლიციის თანამშრომელზე", - აღნიშნავს ადვოკატი.

მელიას, დოლიძესა და კუპრავას დაკავების შემდეგ შსს-მ განცხადება გაავრცელა, სადაც ამბობდნენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით დაიწყეს, რაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

უწყებაში განაცხადეს, რომ ეძგვერაძესა და მის თანმხლებ პირებზე ჯგუფური თავდასხმის შემდეგ, გლდანში შეიკრიბნენ დაშავებულთა მეგობრები და თანაპარტიელები, რომლებმაც "სამართალდამცავებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს, მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და წინააღმდეგობა გაუწიეს", რა დროსაც 3 პირი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად დააკავეს.

მათი თქმით, დაპირისპირების შედეგად პოლიციის თანამშრომლებს სხეულზე დაზიანებები აღენიშნებათ და გამოძიება პოლიციელზე თავდასხმის მუხლით დაიწყო.

***

გლდანში საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატზე, ირაკლი ეძგვერაძეზე ჯგუფური თავდასხმა მაშინ მოხდა, როცა ნაციონალური მოძრაობის საკრებულოს დეპუტატი სახლში ბრუნდებოდა. ამას წინ დღეს საკრებულოს სხდომაზე ხმაური და დაპირისპირება უძღოდა. ერთმანეთს ეძგვერაძე და ქართული ოცნების გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი, კოტე ზარნაძე დაუპირისპირდნენ.

თავდასხმის დროს ეძგვერაძესთან ერთად მეგობრები იმყოფებოდნენ და მათაც სცემეს. მისი თქმით, მათ მოულოდნელად ათობით ადამიანი დაესხა თავს.

ზარნაძე ფორმულასთან უარყოფს, რომ თავდასხმა მასსა და ეძგვერაძეს შორის დაპირისპირებას უკავშირდება და ამბობს, რომ მომხდარი ძალადობის შესახებ პირველად ესმის.

მომხდარის შემდეგ ეძგვერაძის სახლთან ნაციონალური მოძრაობის წევრები მივიდნენ, სწორედ ამ დროს დააკავეს მელია, დოლიძე და კუპრავა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოპოზიციონერ დეპუტატზე, ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.