ადვოკატი ვახტანგ ბარამაშვილი აცხადებს, რომ გირჩი მეტი თავისუფლების წევრების - ზურაბ ჯაფარიძისა და ნიკა მოსიაშვილის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 17 მაისს, 11:00 საათზე გაიმართება.
"ხვალ 11 საათზე საქალაქო სასამართლოში ზურაბ გირჩი ჯაფარიძისა და ნიკა მოსიაშვილის პროცესი გაიმართება.
სხდომა თავდაპირველად ჩვენი მოთხოვნით (გახსოვთ რამხელა ომი გამოვიარეთ, რომ თუნდაც ერთი დღით გადაგვედო სხდომა), ხოლო მოგვიანებით მოსამართლის ინიციატივით გადაიდო.
ხვალ მოსამზადებელ ეტაპზე ვიმყოფებით, თუმცა შესაძლოა ხვალვე გადაწყდეს სამართალდამცავებთან ლაპარაკში ეჭვმიტანილების ბედი", - წერს ადვოკატი.
მოსიაშვილი და ჯაფარიძე 7 მარტს მშვიდობიან აქციაზე დააკავეს.
ოჯახის წევრების და ადვოკატების ინფორმაციით, ზურა ჯაფარიძეს ფიზიკური დაზიანებები ჰქონდა - მას დაკავების შემდეგაც სცემეს.
9 მარტს ნიკა მოსიაშვილს თავის ტვინის შერყევა დაუდგინდა.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ჯაფარიძის და აქციის სხვა მონაწილეების მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ტექნიკურად იყო დაზიანებული საჯარო დაწესებულებებზე განთავსებული კამერები, რომელთაც 8 მარტის აქციაზე პოლიციელების მხრიდან ზურა ჯაფარიძისა და ნიკა მოსიაშვილის მიმართ ძალადობა უნდა დაეფიქსირებინათ.