იუკნევიჩიენე: ევროპარლამენტში არავის სურს, ქართველი ხალხი უვიზო მიმოსვლის შეჩერებით დასაჯოს

იუკნევიჩიენე: ევროპარლამენტში არავის სურს, ქართველი ხალხი უვიზო მიმოსვლის შეჩერებით დასაჯოს

აღნიშნულ დისკუსიაზე სიტყვით გამოვიდა ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე.

მისი თქმით, დღეს საქართველოს პოლიტიკური კურსი რუსეთის სტრატეგიის ნაწილს წარმოადგენს.

"საქართველოში მიმდინარე პროცესები არა გუშინ, არამედ 2012 წლიდან დაიწყო და ეს რუსეთის სტრატეგიის ნაწილია. კრემლმა ვერ მოახერხა უკრაინისა და მოლდოვის მსგავსი ქვეყნების შიგნიდან დაპყრობა, მაგრამ სამწუხაროდ, თვლის, რომ საქართველოში წარმატებას მიაღწია. თუმცა, ჩვენ კატეგორიულად არ ვეთანხმებით ამ შეფასებას. როგორც ევროპარლამენტის მუდმივი მომხსენებელი საქართველოს საკითხებში, ვადასტურებ, რომ ჩვენ, სხვადასხვა ჯგუფის დეპუტატები, დიდ ძალისხმევას ვდებდით, რათა ჩვენს ანგარიშებსა და რეზოლუციებში ზუსტად აგვესახა სიტუაცია და შეგვემუშავებინა სამოქმედო გეგმა ქართველი ხალხის მხარდასაჭერად და ევროპაში დემოკრატიული სივრცის გასაფართოებლად", - თქვა მან.

იუკნევიჩიენემ ასევე გააკრიტიკა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ძალისხმევა, შესაბამისი შეზღუდვები დაუწესოს საქართველოს ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებზე პასუხისმგებელ პირებს.

ამას გარდა, მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ევროპარლამენტს არ სურს ქართველი ხალხი უვიზო რეჟიმის შეჩერების გზით დასაჯოს. მან დაამატა, რომ ამ ეტაპზე, ევროპარლამენტის საერთო პოზიციაა აღნიშნული შეზღუდევები დაუწესდეთ იმ ადამიანებს, რომლებიც ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე არიან პასუხისმგებელნი.

"ამასთან, სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირის ინსტიტუტებისა და წევრი სახელმწიფოების რეაგირება ქართველი ხალხის დასაცავად, მოსალოდნელზე სუსტი იყო. რამდენიმე ქვეყნის გარდა, პასუხისმგებელ პირებზე სანქციები არ დაწესებულა. მაგალითად, ბიძინა ივანიშვილი – ადამიანი, რომელიც დგას საქართველოში მიმდინარე ყველა ამჟამინდელი ტრაგედიის უკან – კვლავ ფლობს მაღალ რანიგის ფრანგულ ჯილდოს და, როგორც ამბობენ, საფრანგეთის მოქალაქეა. ასევე, „სპუტნიკის“ სტილის პროპაგანდისტული მედიასაშუალებები კვლავ თავისუფლად ფუნქციონირებს ევროკავშირის ტერიტორიაზე. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ბევრი რამ არის გასაკეთებელი.

რაც შეეხება უვიზო რეჟიმს: ევროპარლამენტში არავის აქვს სურვილი, ქართველი ხალხი დასაჯოს. თუმცა, უვიზო მიმოსვლა კრიტერიუმებს ეფუძნება და ყველა ქვეყანა ფასდება ამ კრიტერიუმების მიხედვით. ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი საერთო პოზიციაა, რომ იმ პირებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე, არ უნდა შეეძლოთ უვიზო რეჟიმით სარგებლობა, როგორც ამას აქამდე აკეთებდნენ. ეს საკითხი აქტიური განხილვის საგანია", - თქვა იუკნევიჩიენემ.