სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ტექნიკურად იყო დაზიანებული საჯარო დაწესებულებებზე განთავსებული კამერები, რომელთაც 8 მარტის აქციაზე პოლიციელების მხრიდან ზურა ჯაფარიძისა და ნიკა მოსიაშვილის მიმართ ძალადობა უნდა დაეფიქსირებინათ. საგამოძიებო სამსახურმა ვრცელი განცხადება გაავრცელა, სადაც 7-9 მარტის აქციებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებების თაობაზე წერს.
გამოძიება ცალკე ეპიზოდად მიმდინარეობს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან პარლამენტის შენობის მიმდებარედ გამართულ საპროტესტო აქციის დროს ზურაბ ჯაფარიძის და ნიკა მოსიაშვილის მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე.
"ზურაბ გირჩი ჯაფარიძის და ნიკა მოსიაშვილის ეპიზოდთან დაკავშირებით გამოძიებით გამოირკვა, რომ შემთხვევის ადგილზე განთავსებული საჯარო დაწესებულების სამეთვალყურეო ვიდეოკამერების ჩამწერი მოწყობილობა (DVR) ტექნიკურად იყო დაზიანებული და მასზე წვდომა ტექნიკური მიზეზების გამო იყო შეუძლებელი. სასამართლოს განჩინების საფუძველზე სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურიდან ამოღებული იქნა აღნიშნული ჩამწერი მოწყობილობა, რომელზეც სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დაინიშნა საინფორმაციო-ტექნოლოგიური ექსპერტიზა, მოწყობილობის დაზიანების მიზეზების დადგენის, მასში არსებული ჩანაწერების მოპოვების (მათ შორის, აღდგენის გზით) და გამოძიებისთვის საინტერესო სხვა გარემოებების დასადგენად", - აღნიშნულია განცხადებაში.
მოსიაშვილი და ჯაფარიძე 8 მარტს მშვიდობიან აქციაზე დააკავეს, როდესაც პოლიციელებს. ოჯახის წევრების და ადვოკატების განცხადებით, ზურა ჯაფარიძეს ფიზიკური დაზიანებები ჰქონდა - მას დაკავების შემდეგაც სცემეს და დაზიანება თავის არეშიც აღენიშნებოდა. 9 მარტს ნიკა მოსიაშვილს თავის ტვინის შერყევა დაუდგინდა.