
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში, სამშენებლო სამუშაოების მეორე ეტაპზე, როგორც ადგილობრივების კომენტარებიდან ირკვევა, შესაბამისი უსაფრთხოების ზომები არავის გაუტარებია. ამის შესახებ მცხოვრებლები აჭარა თაიმსს ესაუბრნენ.
"სადმე ხედავთ შემოღობილ ტერიტორიას? ბავშვები რომ მოკვდნენ მერე შემოავლეს ყვითელი ლენტი. უსაფრთხოება ყველა მშენებლობის ვალია. ჯერ უსაფრთხოება უნდა დაიცვა და მერე მშენებლობა დაიწყო. ამათმა ჯერ მშენებლობა დაიწყეს," - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
მოსახლეობის თქმით, სამუშაოები დაიწყო ყოველგვარი დაცვის ბარიერებისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის გარეშე.
მოსახლეობა ასევე აღნიშნავს, რომ წინა ეტაპზე მსგავს პრობლემებზე უკვე მიუთითეს, თუმცა ხელისუფლების მხრიდან შესაბამისი რეაგირება არ ყოფილა.
"მაშინ ღობავენ ღარიბაშვილი რომ მოდის, რიჟვაძე რომ მოდის, რატომ ღობავენ მაშინ? შემოღობეს მაშინ და დაამთავრეს ეს ყველაფერი, წავიდა, ახსნეს ღობე და ვსო და მოხდა რაც უნდა მომხდარიყო. ეს ვისი ბრალია და ვინ უნდა აგოს პასუხი? ეგენი რომ მოდიან მაშინ არის უსაფრთხოება დაცული და აქ ბავშვი რომ დაიხრჩო, ეს ვისი ბრალია? ამაზე გაგვცენ პასუხი. კი არ აშინებენ და ოცნების ქალაქი და ოცნება რა არის მაგათმა არ იციან. ოცნება ის არის, რომ ბავშვს მიაქციო ყურადღება, ბავშვი გაიზარდოს, არათუ დაიხრჩოს", - ამბობს კიდევ ერთი ადგილობრივი.
15 თებერვალს, ე.წ. ოცნების ქალაქში ტრაგედია მოხდა – 5 და 4 წლის ბავშვები წყლით სავსე თხრილში ჩავარდნენ. სამწუხაროდ, მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
უბედური შემთხვევა იმ ტერიტორიაზე მოხდა, სადაც სულ რამდენიმე დღის წინ თვითაღიარებულმა პრემიერმა ახალი მშენებლობა დააანონსა. ამჟამად იქ სამშენებლო ტექნიკა და ტრაქტორებია მობილიზებული.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.