აბიტურიენტმა, რომელიც სასამართლოს განჩინების მიუხედავად, დამატებით გამოცდაზე არ დაუშვეს, გამოცდების ცენტრს შსს-ში უჩივლა.
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) ხელმღვანელის, ანა არგანაშვილის თქმით, დღეს აღსრულების მოთხოვნით აღსრულების ეროვნულ ბიუროსაც მიმართავენ.
"ერთ ადმინისტრაციულ ორგანოს, სასამართლო სისტემას და კონსტიტუციურ უფლებებს, ვერ გავაუქმებინებთ. შეუძლებელია იმის დაშვება, რომ ამ ქვეყანაში, ადამიანმა გაიფიქროს "რა აზრი აქვს სასამართლოსთვის მიმართვას, თუ მის გადაწყვეტილებებს, სახელმწიფო ორგანო არ შეასრულებს". თუ ამას დავუშვებთ, მაშინ პროფესია უნდა დავტოვოთ და ამას ჯერ არ ვაპირებთ ადამიანის უფლებების ადვოკატები.
ათასნაირი გამოსავალი შეეძლო მოეძებნა გამოცდების ცენტრს: ეთქვა, რომ ასე შევასრულებ განჩინებას, ისე ჩავატარებ გამოცდას. მაგრამ იმის განცხადება, რომ სასამართლოს განჩინებას არ შევასრულებ, უბრალოდ კონსტიტუციის, ყველა ეროვნული კანონის და საერთაშორისო სამართლის ნორმის დარღვევაა"- წერს არგანაშვილი.
თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოცდების ეროვნულ ცენტრს დაავალა აბიტურიენტის დაშვება ისტორიის დამატებით გამოცდაზე.
საქმე ეხება აბიტურიენტს, რომელიც ჯანმრთელობის პრობლემის გამო ისტორიის გამოცდაზე ვერ გამოცხადდა. მას ჰქონდა კბილის მწვავე ტკივილი და ჩაუტარდა რთული ოპერაცია, რამაც გამოიწვია გართულება.
2 აგვისტოს ცენტრმა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებაზე უარი განაცხადა იმ საფუძვლით, რომ ისტორიის დამატებითი გამოცდა 25 ივლისს ჩაატარა.
იმ აბიტურიენტის მშობელმა, რომლის შვილსაც NAEC-მა გამოცდის დანიშვნაზე უარი უთხრა, შიმშილობა დაიწყო.