ქართული ოცნების პროპაგანდისტისა და POSTV-ის წამყვანის შალვა რამიშვილის ყოფილი ცოლი, თეა აბაშმაძე აცხადებს, რომ ის ადამიანები, ვინც მის შვილს, ლაშა რამიშვილს, შალვა რამიშვილის შესახებ წერილის გამოქვეყნების შემდეგ თავს ესხმიან "ემსახურებიან პარტიას, რომელსაც სურს შალვას რესურსის შენარჩუნება და გავალებთ უბინძურესად ლანძღოთ მისი შვილი“.
შალვა რამიშვილის შვილმა, ლაშა რამიშვილმა 6 აპრილს სოციალურ ქსელში წერილი გამოაქვეყნა, სადაც დაკავებულ აქტივისტს ლაზარე გრიგორიადისს და იმ ქალებს უცხადებს სოლიდარობას, ვინც შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში ამხილეს. მისი თქმით, შალვა რამიშვილი "ზოგადად არ სცემს ქალს პატივს".
თეა აბაშმაძის განცხადება:
„ჩემი უზომო მადლიერება ყველას, ვინც ზუსტად გაგვიგეთ და ასეთი საოცარი სიტყვები გვითხარით. აზროვნება ველია და ველი ცნობს ველს - რა უზუსტესი მიგნებაა.
თქვენ კი, ვინც უკიდურეს სიბინძურეს აბრალებთ ჩემს შვილს, საოცრად სასარგებლო საქმეს ასრულებთ სინამდვილეში და თქვენი მადლიერიც ვარ. თქვენ სასწაული შეძელით, ნამდვილი ალქიმია, თქვენ უსწრაფესად განაცალკევეთ ჩვენი საზოგადოება, არა ისე ყალბად, როგორიც პარტიული დაყოფაა, არამედ თქვენი არაკრეატიულობის ჩვენებით, ერთი საერთო სახე გამოავლინეთ. ერთნაირი უტიფრობა, ერთი და იგივე ტერმინოლოგია, გაუნათლებლობა, მდაბიო უწმაწურობა და რაც მთავარია, სრული უსიყვარულობის გამოვლენით, თქვენ გამოცალკევდით იმ ადამიანებისგან, ვინც მგრძნობიარეა, კეთილია, სამართლიანია, გულუხვი და გამგებია. ზოგადადაც ადამიანები მხოლოდ ორ ნაწილად იყოფიან, გონებაგახსნილებად და პირიქით, სხვა დანარჩენი დეფინიცია ამ მონაცემებიდან გამომდინარეობს. თქვენ ემსახურებით პარტიას, რომელსაც სურს შალვას რესურსის შენარჩუნება და გავალებთ უბინძურესად ლანძღოთ მისი შვილი, თითქოს ასე აღდგება შალვას იმიჯი. საზოგადოების თვალში თქვენს მიერ ტალახის სროლა აღიქმება, როგორც შალვასგან ბოტების მოქსევა საკუთარი შვილის უკიდურესად დასამცირებლად. ეს კიდევ უფრო უტეხს სახელს მას და გაცილებით მძიმედ, ვიდრე ჩემი შვილის წერილი. ყველაზე კომიკური ისაა, რომ თქვენ ვნებთ მხოლოდ იმას, ვისაც ემსახურებით და ვერც კი აცნობიერებთ ამას. თუმცა, მეორეს მხრივ საოცრად სასარგებლო საქმეს ემსახურებით საზოგადოებისთვისაც და ცვლილებების დასაჩქარებლადაც. ძალიან მარტივად გამოჩნდა, რომ სიძულვილის ველში მყოფი აზროვნება არის უნიჭო და გონებაშეზღუდული, რადგან მას არ აქვს ღირსებისა და სამართლიანობის განცდა. ის დეგრადაციას განიცდის სულ უფრო მეტად“ - წერს თეა აბაშმაძე.
გასულ კვირებში POSTV-ის ტელეწამყვანი და ქართული ოცნების პროპაგანდისტი შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში არაერთმა ქალმა ამხილა. მათ შორის პირველი იყო ჟურნალისტი მაკო ჯაბუა, რომელმაც რამიშვილის მხრიდან სექსუალურ შევიწროების შესახებ ინფორმაცია 21 მარტს გაავრცელა. ამის შემდეგ რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში კიდევ რამდენიმე ქალმა ამხილა. მათი ისტორიები მსგავსია. როგორც ქალები ამბობენ, ისინი გასაუბრების დროს შეავიწროვეს. სექსუალური შევიწროების ბრალდებებს უარყოფს შალვა რამიშვილი.
25 მარტს შაბათის ფორმულამ მოიპოვა აუდიო ჩანაწერი, რომელიც POSTV-ის ხელმძღვანელის, ქართული ოცნების პროპაგანდისტის შალვა რამიშვილის და საქმიან შეხვედრაზე მისული 22 წლის ქალის გასაუბრებას ასახავს. აუდიომასალაში ისმის რა მეთოდებით არჩევს რამიშვილი თანამშრომლებს და რა ინტიმურ თემებზე ესაუბრება ახალგაზრდა ქალს, რომელიც მასთან გასაუბრებაზე მივიდა.
შაბათის ფორმულამ 1-ლ აპრილს POSTV-ის ხელმძღვანელისა და ხელისუფლების პროპაგანდისტის მორიგი აუდიო ჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც ის 22 წლის ქალს ანანია გაჩეჩილაძეს სექსუალურად ავიწროებს.
ისტორიების მოყოლის შემდეგ ორგანიზებული თავდასხმა დაიწყო თათია სამხარაძის მიმართ. თათია სამხარაძე ერთ-ერთია, ვინც POSTV-ის ხელმძღვანელი, შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში ამხილა. მან რამიშვილს ტელეკომპანია იმედში ყოფნის დროს, 2016 წელს უჩივლა. 2018 წლის 3 იანვარს შალვა რამიშვილს სექსუალური შევიწროების საქმეზე საქალაქო სასამართლომ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 2 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. რამიშვილმა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა მოსამართლემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ორი ინსტანციის გადაწყვეტილება რამიშვილს უზენაეს სასამართლოში აღარ გაუსაჩივრებია.
112-ში პროპაგანდისტული ტელევიზიის POSTV-ის მიერ განხორციელებული ცრუ შეტყობინების გამო 24 მარტს გვიან ღამით ნაციონალური მოძრაობის წევრის დიმა ჩიქოვანის საცხოვრებელ სახლში პოლიცია მივიდა და საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა.
უწყებაში POSTV-ის პროპაგანდისტმა, ნათია ბერიძემ დარეკა და განაცხადა, რომ ჩიქოვანმა, სავარაუდოდ, თათია სამხარაძე გაიტაცა. პოლიციელებმა დანაშაული ვერ დაადგინეს - ენმ-ის გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, რომ ეს იყო ცრუ დასმენა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, დიმა ჩიქოვანის მიმართ მოწყობილი შეგნებული პროვოკაცია.
მომხდარის შესახებ თათია სამხარაძემ განაცხადა, რომ საგამოძიებო უწყებები პოსტივისთან ერთად "ჰიბრიდულ სპეცოპერაციებს დგამენ და ცრუ დასმენით, თითქოს მე გატაცებული ვიყო სახლში უვარდებიან ოპოზიციური პარტიის წევრს, დიმიტრი ჩიქოვანს. აი ასე, პროვოკაციულად უდანაშაულო ადამინს აბრალებენ სისხლის სამართლის უმძიმეს დანაშაულს."
26 მარტს POSTV-ის მხრიდან მორიგი ბრალდებების შემდეგ სამხარაძემ Facebook-ზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ამბობს, რომ სამთავრობო პროპაგანდისტული POSTV იტყუება, თითქოს ის დიმა ჩიქოვანის სახლიდან ვერ გამოდის, რადგან ჩალურჯებები აქვს. სამხარაძემ ამის საპირისპიროდ ვიდეო სახლიდან ჩაწერა, რომელშიც ჩანს, რომ დაზიანებები არ აქვს.
სამხარაძის თქმით, მისი უსაფრთხოება, როგორც ქალთა უფლებადამცველის, საქართველოში საფრთხეშია.
31 მარტს თათია სამხარაძემ POSTV-ის დამფუძნებლის შალვა რამიშვილისა და თანამშრომლის, ნათია ბერიძის მხრიდან ჩადენილი სავარაუდო ადევნების დანაშაულთან დაკავშირებით შსს-ს მიმართა და მოითხოვა, დაიწყოს გამოძიება.