V-Dem Institute-ის დემოკრატიის ანგარიშში საქართველო "საარჩევნო ავტოკრატიადაა" მოხსენებული

V-Dem Institute-ის დემოკრატიის ანგარიშში საქართველო "საარჩევნო ავტოკრატიადაა" მოხსენებული

V-Dem Institute 2024 წელს სხვადასხვა ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხის ამსახველ ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც საქართველო "საარჩევნო ავტოკრატიად" არის მოხსენებული.

გიოტებორგის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების დეპარტამენტის ბაზაზე დაფუძნებული V-Dem Institute ყოველწლიურად აქვეყნებს მონაცემებს, რომლითაც შესაძლებელია სხვადასხვა ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხის შეფასება.

ანგარიშში საქართველოში არსებული ვითარება ინდონეზიასთან არის შედარებული და ნათქვამია, რომ ამ ორ ქვეყანაში 2024 წელს დემოკრატია ჩამოიშალა. ინდონეზია უკვე მიიჩნეოდა "ნაცრისფერ ზონად" 2023 წლის ბოლოსთვის, საქართველოს შემთხვევაში კი, ვკითხულობთ, რომ საარჩევნო წელი იყო დემოკრატიის კუთხით ვითარების უმსხვილესი გაუარესება ქვეყნის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ. კვლევის ავტორები მიიჩნევენ, რომ სწორედ ამ წელმა აქცია საქართველო საარჩევნო ავტოკრატიად.

ანგარიშის თანახმად, თანამედროვე ავტოკრატიზაციის ტიპური მახასიათებელი ის არის, რომ გაუარესება ნელი და თანდათანობითია, რაც ართულებს თავიდანვე მის აღმოჩენას.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ დემოკრატიზაციის პროცესი - სასამართლო დამოუკიდებლობის, სიტყვის თავისუფლებისა და სამოქალაქო თავისუფლებების გაუმჯობესებით გაგრძელდა 2013-წლიდან 2017-მდე, შემობრუნება კი დაიწყო 2018 წელს, მაგრამ გაუარესება ეტაპობრივად გაგრძელდა განსაკუთრებით 2023 წლამდე. 2024 წელს უკვე დემოკრატიის მაჩვენებლები მკვეთრად დაეცა, რითაც საქართველო საარჩევნო ავტოკრატიად გადაიქცა.

ანგარიშის თანახმად, 2024 წლის საარჩევნო პროცესმა და გაყალბების შესახებ ბრალდებებმა ეს პროცესი გააფუჭა, მათ შორის საუბარია მასობრივ პროტესტებზე და ნათქვამია, რომ "მთავრობა პოლიტიკურ ოპოზიციას კრიმინალური ძალების იარლიყს აკრავდა, პროტესტის მონაწილეებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს აპატიმრებდა და ბრალდებებს უყენებდა".

V-Dem Institute სხვადასხვა ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხის შესახებ ანგარიშს ყოველწლიურად აქვეყნებს.