
TV პირველის ცნობით, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს მომხდარი თავდასხმის დროს ჟურნალისტმა მარიამ მაკასარაშვილმა ტვინის შერყევა მიიღო.
მაღალტექნოლოგიური გამოკვლევები ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში ცოტა ხნის წინ დასრულდა. კვლევების შედეგად დადგინდა, რომ მარიამ მაკასარაშვილს ტვინის შერყევა აქვს. ის კლინიკაში რჩება.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა TV პირველის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
უწყების თანახმად, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე დაიწყო, რაც ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს.
„ტვ პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნოდარ მელაძის განცხადებით, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ყოფილი პირველი მოადგილის, გიორგი შინჯიკაშვილის მამა ტელეკომპანიის ჟურნალისტ, მარიამ მაკასარაშვილს ფიზიკურად გაუსწორდა.
„სრული განუკითხაობა ქვეყანაში!
თავდასხმა „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე. გადამდგარი ვიცე-გუბერნატორის, გიორგი შინჯიკაშვილის მამა ფიზიკურად გაუსწორდა ქალ ჟურნალისტს, მარიამ მაკასარაშვილს. წაართვა მობილური ტელეფონი და გაიტაცა „ტვ პირველის“ სატელევიზიო კამერა...", - დაწერა ნოდარ მელაძემ.